четверг, 7 октября 2010 г.

ტალავაროსანი (ჯანრი გოგეშვილი)

ტალავაროსანი

რა გითხრათ, როგორი იქნება ხვალ ამ ნაწერის ბედი. მოგონებებთან, განცდებთან, დაკავშირებული ბწკარედები საჯილდაო ქვად მექცა.

ვითარ ყორნები ფრთების ფართქუნით ეთელებიან საკბილოს, ფეხის მოკიდება უძნელდებათ, შორდებიან, ირაოს კრავენ და უბრუნდებიან, სწორედ ისე ვუტრიალე თემას.

სიტყვების მეშვეობით ვიცოდვილე, ვიღვაწე გულდაჯერებით და ხმას დიდებულება არ დავაკელი. თუკი რამე მაიძულებდა მემუშაკნა, ეს იყო დაჟინებული ლტოლვა შეუძლებლისაკენ.

ეული, ცხოვრებას განრინებული, მარტოსული მწერალი გახლავართ, მარტოსულ შემოქმედზე, ჭეშმარიტ მარტვილზე მარტვილთა შორის და ნამდვილ ქრისტიანზე ქრისტიანთა შორის მოგითხრეთ. არც ერთი ვყოფილვართ ბედის ნებიერა და უფრო ამიტომაც ველოლიავე იმას, რაც სხვებისათვის ვინ იცის, იქნებ შეუმჩნეველიც დარჩენილიყო...

მერე რა რომ ზღაპრული ელფერი შევძინე, ნუ შეგაკრთობთ აქ მოთხრობილი ფანტასტიკური თავგადასავალი, ვიწამე, ღრმად ჩამარხულ მოგონებათა გამომზეურება სიკეთეს მომიტანდა, აზრთა და ფანტაზიათა კომბინაცია. ქვემოთ შევეცდები უცნაურ ისტორიის რეალობასთან წილხვდომილება ვაჩვენო. უწყებანი ფიქსირებად ჩამომართვით...

კაცი რომელზეც გიამბობთ, ქართლის მოქცევამდე საჩინო პიროვნება იქნებოდა.

ისტორიულ წარსულის უფსკრულში ვიხედები, ვფიქრობ-პირუთვნელად ვფიქრობ....

მგონია ახლაცაა მცხეთაში ნიშანკვალი, მშობლიურ კერპთა მაგინებელთა წინააღმდეგ მისი ღონიერი მკლავით მოქნეული სატევარისა. "წარმოსახვის საწიერზე ლივლივებს თუ როგორ ჩაჰკვეთა ხაფმა ხმამ მახვილივით ჰაერი" მათ დაცვას ხომ რეალური, ძლიერი, პიროვნული, ადამიანური პოტენციალი დასჭირდებოდა.

მდინარეების, კიროსისა და პელორის შესართავთან წარჩინებულ წარმართთა ოჯახში იშვა.

მცხეთურ, წითელ კრამიტით გადახურულ მართკუთხა შენობას ამშვენებდა კარიატიდების პორტიკი, სვეტების სანაცვლო შემოსილ ქალიშვილთა ქანდაკებები.

სახლის წინ ყვაოდნენ სურნელოვანი იასამნები. Lლურჯად შეფერადებულ კედლებში გაჭრილ სარკმლებიდან ბაგინეთის მაღალი მთაგრეხილი მოსჩანდა, საწკეპლიას ვრცელი ტყეები, ხოლო ქართლის მთის წვერზე ანთროპომორფული არსება "ღმერთი ღმერთთა" არმაზი. მას შეეწირებოდა მიწიდან აღმონაცენი და პირუტყვიყოველი, რითაც პურდებოდნენ იმ მხარეში. კიროსში ირეკლებოდა ქალ-ვაჟების და ბუნების ჭეშმარიტების კანონებზე საინტერესო კითხვების დამსმელ ბრძენი მოხუცების ორეულები. იქ სულს ითქვამდნენ მზისა და მთვარის საგალობლებით.

სახლში მრავლად იყო სათავსოები უხვ სიცოცხლის და საუმჯობესო ტემპერამენტის მომნიჭებელ ღვთაებათა გამოსახულებებით.

სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში ხელი შეუწყო ჰერაკლეს ქანდაკებამ. საოცრად პოეტურმა რელიგიამ იგი სხვა ნიშნით დადაღა ხოლო მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა მტკიცე ხასიათისა და ათლეტურ აღნაგობის მამაკაცად ჩამოაყალიბა.

ყრმამ არაერთხელ ნახა წიგნები დიდ მოხელეთა ხელში და ყველაზე ძნელად მოსაგებელი წერილიც მოიპოვა, - მისი პირველქმნადობის გასაღები.

ჯერ კიდევ ჭაბუკი ალექსანდრიად თუ ჰრომად წავიდა მეფეთა წინაშე მსახურებად და ნიჭისა მისაღებად ეროვნულ სულის აღორძინების მიზნით.

რომაულ ტოგას ჯარისკაცის მუზარადი აუმჯობესა, ლეგიონერად განემწესა.

ეგებ ჩვენს მიერ მინამსგავსად განვლილ გზაზე მინდა მოგითხროთ. მომეცა საშუალება თვალი მიმედევნებინა მისთვის, თუმცა იმ ხანებში თითზე ჩამოსათვლელად გადავეყარეთ ერთმანეთს და გასაკვირი არაა არც შეუმჩნევივარ.

არ მახსენდება სად გადავაწყდი: კილიკიის ტასიაში; კაბადოკიის კესარიაში; აზიის ეფესოში; ფინიკიის ტვიროსში; მესოპოტამიის ედესში თუ ლიკაონის იკონიაში.

სისხლით შეღებილ მსოფლიოში დაუნდობლად ხოცავდნენ ერთმანეთს. ბრძოლის ველისკენ აზავთებული მიაბიჯებდა, მტერს შეერკინა, სანაქებოდ გარდასახულ ტრაგიკულ რომაელ გმირად იქცა, მდინარე ორონტის ნაპირებთან ბრძოლის ველზე საშიშ ჭრილობით დალახვრული დაეცა, სული მწველ სითბოში გააყუჩა. ეს იყო მისი უკანასკნელი ბრძოლა ქვეყნის გარეთ.

ხიფათით აღსავსე შორეულ გზას ამაოდ ვით გაივლიდა? ყველაზე გონივრული მრწამსიც გულდაჯერებით უნდა ეძებნა და ეპოვნა. საჭირო იყო ალბათ უფრო ძნელი სათნოება მოეხვეჭა. იქ შეითვისა პეტრე მოციქულის მიერ რომაელებისათვის ნაქადაგები რჯული, სწავლაი გარეშეთაი და ისაზრდოვა წესითა ქრისტეანეთა ხოლო იმპერიის დროინდელ აქტებში ისეთი დეტალები შეიტანეს, რომელთა მიხედვითაც იგი განმანათლებლადაა მიჩნეული. მაგონდება, ეს ყველაფერი 2300 წლის წინ ხდებოდა და ნეტარი გრძნობაც მეუფლება, სწორედ იმდროინდელი.

303 წლის 23 თებერვალს იმპერიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გაერიდა. დიოკლეტიანეს ჰრომიდან თუ ალექსანდრიიდან საწარმართო ქვეყანაში დაბრუნდა. 2 წელი დარჩენილიყო ლიცენიუსისა და 11 კონსტანტინეს ედიქტებამდე.

სადაც იყო მოიქცეოდა ქართლი.

ვგონებ დროა ზღაპრებს შევეშვა და ძირითად ამბებზე გადავიდე. დროა დავბრუნდე ნახევრად ბურანში წასული. წარმოსახვის ნიაღვარი წამლეკავს.

ასე და ამრიგად, მისი ცხოვრების ყაიდას შეეხება:

"პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველესშინაგან წესრიგს,

და არვის, თვით შვილსაც კი არ მისცე უფლება

აგდებით მოეპყრას შენ საყრდენ ღირსებასშინაგან წესრიგს.

ზოგმა მოასწრო განცდების წაღება,

ხომ ხედავ გაზიდეს ცხოვრებაც ლიქნით...

გახსოვდეს და გწამდეს, ცაში აქვს ფესვები

ამგვარად გამოწვრთნილ შინაგან წესრიგს"...

მის ნაწერებში ასხლეტილია მისივ ხატება: "არც გონება, არც მოსახვეჭი, მხოლოდ გვემული სულის წრიალი".

"ბიჭ-ბუჭები ზნეობრივ მრწამსზე ხმას იმაღლებენ... იფხრიწებიან

მაგრამ ის ვინაც რჩება სარკმელთან,

ვინაც ბრალდებებს ისმენს ათასგვარს,

ვინაც სიყალბემ ისე დაღალა

რომ ლამის გულსაც მისწვდეს ჭაღარა,

ცას გასცქერის და უფალს ევედრის

ტყუილს არჩევანს წაართვას ძალა"

იგი ცოცხლად მოარული თხზულებაა, რომელშიც ქრისტიანობის ამბავია მოთხრობილი. ბოლომდე დაიცავს. თავის სააზროვნო სივრცის დასამყარებლად იბრძოლებს, რადგან მას მიზნად დაუსახავს საქართველოს საყდრის სიძლიერე აჩვენოს.

ძველი ეკლესიის ისტორიკოსიც იქნებოდა ან რომელიმე ბიზანტიელი ქრონისტი.

სასახლის თუ კერძო პირის ეპისკოპოსი გახდებოდა. სხვა ზემდგომობას დაამყარებდა.

საერო თუ სასულიერო მესვეურთა შორის გამორჩეულ კაცად დაბრძანდებოდა. სვადასხვა კრებებზე დამსწრე საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მის ხელმოწერასაც ნახავდი.

დქვრივებული რომ დახვედროდა კათერა, კათედრალის მაგივრობას გასწევდა. საკუთარ დიოცეზს შექმნიდა. ერთი ხალხის მოქცევის სათავეში დადგებოდა. მოახდენდა ამა თუ იმ ქვეყნის ეკლესიის ორგანიზაციას.

უმაღლესი საჭეთმპყრობელი, ერთი ეკლესიის დიდი ავტორიტეტი გაგზავნიდა რომელიმე ქვეყნად ხელმძღვანელებს თუ სასულიერო პირებს და ეს მისი სულიერი გავლენის წყალობით. სულიერი ზემოქმედება კი სამლოცველოს იერარქიაში ცოტას არ ნიშნავს.

ქალაქის მოუქცეველ მოსახლეობასაც მოაქცევდა. რწმენას დანერგავდა და იქადაგებდა. ქვეყნისთვის კლასიკურ დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდიდა, დროს შესაფერისს შეარჩევდა.

ყველგან განგების ხმა ჩაესმის. მოგვითხრობს ადამიანებზე, ვინც სიყალბეს, მისი მეშვეობით კარიერიზმისკენ სწრაფვას ოცნებას არჩევს. ოცნებით იწმინდება. თავისებურ ავტონომიის მოპოვებას ლამობს. ოცნება ხომ ყოველი ლამაზი საქმის მეკვლეა და ბოლოს კაციც ჰპოვებს ძალას, გაიმარჯვოს მზაკვრულ, მაცდუნებელ აზრზე. "მაკურნებელი სიტყვისა!" სჯერავს. "ამ გასხვისებულ ქვეყნიდან გაქრობას ფერისცვალება გერჩივნოსო" გვმოძღვრავს და იქნებ სწორედ ამ აზრითაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მისი თხზულებები.

"ნუ გაბრიყვდები, ნუ დაატყვევებ მამულიშვილურ მხურვალე სუნთქვას,

ნუ შეშინდები, ნუ დაატყვევებ მამულიშვილის მგზნებარე სიტყვას,

ნუ ითვალთმაქცებ, ნუ დაატყვევებ მამულიშვილის ფიქრს და ოცნებას"...

ამ აზრში ჰპოვებს იგი საყრდენს და ნუგეშს. რას იზამ, ქვეყნიერების ხვედრია.

ან კიდევ: "ტირილი ხშირად ფიქრსა ჰგავს" გენიალურ წარმოსახვის, ძლევამოსილ სჯის უნარი, მშვენიერი და ღრმააზროვანი, საოცარი ნაყოფი...

მეგულვის წიგნი რომელშიც ამ კაცის მისიონერულ მოღვაწეობის შესახებ ვიგებთ. მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

კი, მისიონერულ მოღვაწეობაში დიდ გულმოდგინებას გამოიჩენდა რათა ქართლი ერთ მთლიან ეპარქიას წარმოადგენდეს, სწორ პატივითა ვითარცა წმინდა სამოციქულო ეკლესიანი.

არა მიდრკებოდა მარცხულ, გინა მარჯულ და ტოლს არ დაუდებდა პალესტინელ თუ პონტოს კაბადოკიის მეუდაბნოეებს რათა დაუდვა უფალმან სული მისი სარწმუნოებათა არა განშორებად მისგან.

დაბრუნებული წამებულ ქრისტეანთა ძვლებს იპოვნიდა და დაკრძალავდა ლუსკუმთა შინა. თავის სახსრებით აგებულ ერთ ეკლესიას სწორედ მათ სახელს დაარქმევდა.

რატომ მგონია ახლაცაა მცხეთაში ნიშანკვალი ხატმებრძოლთა წინააღმდეგ მისი ღონიერი მკლავით მოქნეულ სატევარისა. მათ დაცვას ხომ ძლიერი, პიროვნული, რეალური, ადამიანური პოტენციალი დასჭირდებოდა. საქმის კეთილად დაგვირგვინება ხომ შემძლე საერო კაცის ჩარევას მოითხოვდა.

მისი რწმენა მსოფლიო ლიტერატურაში განსხეულებულ სიკეთითა და ქრისტიანულ მადლითაა ნასაზრდოები. მისი ეკლესიურობა საქართველოა, რომ შეძლებისდაგვარად ბოროტება ნაკლებ აბოგინოს. იგი მსოფლიო საზოგადოების რიგითი წევრი ერთიან სასიცოცხლო სივრციდან დაძრულ თანაგრძნობის მოიმედეა.

ქმნის, ხან სიხარულითა და იმის შეგნებით რომ რაღაც ფასეულს ქმნის, ხან კი გულგატეხილი და რწმენადაკარგული მაინც ცდილობს სიმართლის წვდომას, მის ახსნას ან თუნდაც გულწრფელ აღსარების თქმას:

"შემინდეთ თუკი გამიტყუა სამშობლოს სევდამ,

თავისუფლების თუკი მქონდა მძლავრი შეგრძნება,

თუკი შეგნების სულ სხვაგვარი მე მქონდა ზნე და

თუკი ვერ ვპოვე იმ ყოფაში კაცური შვება,

ვერ მოვიხვეჭე ვერცა ფული, ვერცა სახელი,

ვერც კარიერა გავიკეთე, არ მქონდა ნება,

და გავერიდე სოფლის ქილიკს, შემრჩა ნაღველი,

სიტყვასთან ჭიდილს შევალიე ძალა და გზნება,

შემინდეთ თუკი გამიტყუა სამშობლოს სევდამ,

თავისუფლების თუკი მქონდა მძლავრი შეგრძნება"...

ირგვლივ ოქროსა და ვერცხლის თაყვანისცემაში დახავსებული ადამიანებია. მორჩილებენ და ემსახურებიან მამონს. თავს მისგან დავალებულათ გრძნობენ. დავლა-ქონებისათვის მიუპყრიათ ვნებათაღელვით ანთებული ცეცხლოვანი მზერა. დე ასე ეგონოთ, ეს მათი ნებაა!

ხოლო მათ გვერდით ცხოვრობს ადამიანი, ვის ბინაშიც წვრილმან ნივთებისათვის განკუთვნილი პაწია ნიჟარების ლებნებით მოპირკეთებული კოლოფია, რომელშიც შერლოცრემლას ციცქნა წყაროებიდან აღებული წყალი ინახება. ამ თვალსაზრისით მისი სენაკი, დიახ სენაკი-გამორჩეულია!

ეს გახლავთ მცდელობა ადამისშვილისა, საზოგადოების უღიმღამო, უნდილი ცხოვრება, კარიერიზმი, პატივმოყვარეობა, ფუჭი სურვილები დაძრახოს.

ეს გახლავთ მცდელობა კაცხორციელისა, მოიპოვოს ის, რასაც ადამიანები გონების გაცისკროვნებით აღწევენ. აღეგზნოს და ბუნების პირველადობა იქადაგოს. იქნებ რაღაცაზე შურიც იძიოს, მოლიზღარობად აქციოს, გამანადგურებლად დასცინოს, მსჯავრი დასდოს და გააცამტვეროს დასაღუპავად განწირული მარგინალი საზოგადოება.

ესაა მცდელობა მიწის შვილისა, უფრო და უფრო მეტი მოთხოვნები წაუყენოს სიწმინდესა და მორჩილებას, რათა ბოლოსდაბოლოს მაგიური ჭეშმარიტების მწვერვალამდე მივიდეს.

ხანგრძლივმა მიარ-მოარებამ მაფიქრებინა რომ გარემოებები კვლავ განმეორდება. უეცრად მახსენდება, იქ, წინა ცხოვრებაში თითქოს ვიღაც გამოგვემშვიდობა და გამოვემშვიდობეთ. იმ ვინმემ ეშმაკურად ჩაიღიმა, მხარზე დამტკნარებული ხელი მოგვითათუნა და "სიჩუმეს მისადაგებულ ხმით" გვითხრა: უსათუოდ დაბრუნდებითო.

ღმერთმანი, წარსულიდან სინამდვილეში გადმოვინაცვლოთ! აღარ შეგვიპყრობს ნაღველი და გულგატეხილობა, ყოველივე სხვაგვარად წარიმართება. ყველაფერს ახლებური იერსახე მიეცემა. დაგვხვდებიან (უკვდავთა დასი) კარგი კაცები. "რჩეულ სევდასთან რა დაგვაბერებს, პოეტურ ფიქრთან რა დაგვაჩაჩანაკებს" კვლავ ავივსებით უმჯობეს ფიქრებითა და გეგმებით. ხომ შემოგვრჩა ბევრი, ძალზე ბევრი იმ სულიერ ცხოვრებიდან...

მუნ ალბათ ახლაც დგას პატარა ტაძარი, სასურველი, მშობლიური "ლიკეიონი", სამოთხესა მას შინა ხე კვიპაროსზე უთენია შაშვი გალობას იწყებს ხოლო ედემის წალკოტსა მას მახლობლად სახედ ტალავრისა გარდათხმულ მაყვალთა შორის კუთავს ბუკნაჭოტი, კაბადოკიურ ჯიშის ცხენებს უთრთით ფერდები. იქ დაჟინებით ვერაფერს ჩააცქერდები, მხოლოდ თვალს ჰკიდებ და ეგაა... ტევრში ჩამოვჯდებით, ცოტას მოვისვენებთ მონუსხულნი და გულაჩუყებულნი, სასაცილონი სიმარტოვითა და უბრალოებით. იქ გვეგულვის ურცხვი სილამაზით აღვსილი 9 ქალიშვილი. "ჰო, როგორმე იმ პაწია სკვერამდე უნდა მივაღწიოთ. პირმშვენიერ ცხრა ასულთან ერთად ყოველგვარ განსაცდელს და განსაწმენდელს გავივლით" ხომ ქალღმერთები არ ბერდებიან, უბრალოდ მტვერი ედებათ მათ ნიშნებსა და ისინიც დავიწყებას ეძლევიან...

ის არ იყო ჩვენი პატარა სავანე? იდუმალ საბურველქვეშ წითელ ათინათით გაკაშკაშებული. ცხოვრების ახალ ხანას ჭეშმარიტი ტკბობით აღგვივსებს.

იქ გვეგულვის "ცას გამოკიდებული კეთილ ოცნებების შლეგთა ნაკრძალი, უკიდეგანო სივრცე, სადაც ნიჭიერება სიგიჟის ველზეა მიშვებული." ბავშვებივით ავქვითინდებით. ჩვენთან ერთად ატირდებიან მათი აღმატებულებანი - ჩვენი ჰერალდიკური მხეცები "ტირილი ბალღთა სიყვარულის მტევანს დაწურავს, ჩაგვეფინება გულში სიმშვიდე. დადგინდება სული. პატივსაც მივაგებთ ნაბოძებ სიქველეს-შინაგან წესრიგს"

აგრერიგად თამამ აზრებს გამოვთქვამთ, უჩვეულო ფილოსოფიას ვიქადაგებთ. ჩვენს აკვიატებულ შეხედულებებს. იქნებ ისინი არც ვინმემ გაიზიაროს. არ მოგენატრა, ბუნტარული სულები დავთესოთ მომავლის გულებში?! მათი ცხოვრების დედააზრი ტიკინასავით ვათამაშოდ. ხან სად ვაბორიალოთ და ხან სად. სავიზიტო ბარათებიც გვექნება:

(მარტაზის ხევი)

სასურველი რიცხვი 6

სასურველი დღე - პარასკევი

სასურველი დრო - გადასული შუადღე

სასურველი ფერი - სანთლისფერი

"ღმერთო ეს ვინ მასტუმრე!" შეგვეგებება იდუმალად ნაჩურჩულევი შარიშური.

კვლავ ზღაპრებმა გამიტაცეს. დროა დავბრუნდე ნახევრად ბურანში წასული. ჟამია თავი დავანებო ოცნებას. წარმოსახვის ნიაღვარი წამლეკავს.

გულში სიმშვიდე და მადლიერება ისადგურებს. ხიზანიშვილის ქუჩას მივუყვები. ვფიქრობ კაცზე, რომლის შესახებაც ერთობ სასიამოვნო მოგონებებს ვალაგებ. ერთი იმათგანია, ვისაც წილად ხვდა პირად ტანჯვად, ჯოჯოხეთად შეეგრძნო მისებრთა მოდგმის მთელი რეალობა: "ამ ქვეყნად მოვლენილ თანამებრძოლთ უმეტესწილად სხვადასხვა დროში უწევთ ცხოვრება.

ბოროტებასთან ბრძოლა ხვთისაგან შესახელებულ მარტოკაცთა ხვედრია"... მაგონდება ბწკარედნი ძეხორციელისა, მსოფლიო, ერთიანი სასიცოცხლო სივრციდან დაძრული თანაგრძნობა რომ ეოცნებება და სხვა გამოსავალიც არ მაქვს, მის მონახულებას გადავწყვეტ...

აქ ცხოვრობს, მუზების მეგობარი, შრომობს, კითხულობს, იცის თავისი გარჯის ფასი, სწამს და სჯერავს საქმისა რომელსაც ემსახურება.…ესმის ხალასი ცოდნის მადლი, მოვლენათა შეჯერების მნიშვნელობა. ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი საკუთარ თავიდან გასვლისა. მიაგნოს უსაზღვრო შესაძლებლობებს, აღქმას, პრაქტიკას წმინდა მიმღეობისა, მენთალურ დუმილისა. მან ასკეტური მოსაგრეობის რთული გზა აირჩია. საზოგადოებისგან განდგომილი, ვიწრო სენაკში ხშირი და ხანგრძლივი მარხვა ლოცვები. უფრო შორს გახედვა სწადია და თავისებურთა მოდგმის იდუმალ მოვალეობის შესრულებაზე ფიქრობს. ლამობს გარკვევას საღმრთო გამგებლობის გამოურკვეველ გზებისა:

"და რა თქმა უნდა გაქვთ რაღაც წესი, თქვენ რომ იცით და ჩვენ არ გვკარნახობთ,

რისთვის ყოვნდებით, ხომ ხედავთ ფესვი ვეღარ გავიდგით თქვენს საამაყოდ,

რაღაც ისეთი გამოგვრჩა ვგონებ, რაც გაჩენამდე გვალაღებს ფიქრით,

მაგრამ ღნავილში ვეRარ ვიხსენებთ ცოდნას რომელიც მოგვყვება ციდან...

და როს იწყება გაურკვევლობა, გონში ღვივდება სხვა ენერგია,

დანაწევრებულ სულის კალოსთან გმირის და გლახის ბედი ერთია"...

ახლა ჩვენი სულდგმის მნიშვნელოვანი ხანა დგას. უნდა ვესტუმრო. თუნდაც დილაუთენია იყოს, მცირედი პატივით გახარებული დაგირჩებით. "თანამებრძოლი" ჩამარცვლავს ჩუმად და სახეზე უცნაური გამოცოცხლება დაეტყობა, ნაღვლიანი მაგრამ მშვენიერ ღიმილი გაუპობს მტკიცედ მოკუმულ ბაგეს. "ალბათ ძილ-მღვიძარე მთელი ღამე გაუხდელად იწვა და იდუმალის საძიებლად გულანთებული შფოთავდა. ოცნებათა წყება კი კინოფირის კადრებივით მიედინებოდა ცნობიერების სხვადასხვა წახნაგებზე." ფარული მზვერავი, ყველაფერს ამჩნევს. პატარა მაგიდასთან მიმჯდარი ფურცელს ფურცელზე ასალაშინებს. ლაგდება კითხვები, აზრები, ბრალდებები, აღსარებები. ეჭვგარეშეა თხზულებებს პოეტური წარმოსახვა ესაძირკვლება. ცდილობს მის მიერ სულის სიღრმეში განცდილი მკითხველამდე მიიტანოს, ხილულ ამბავთა სამოსელში გახვიოს. "მასთან ძმაკაცობა საიმედოა, წირვას ვერავინ გამოგვიყვანს"...

შევაბიჯებ ოთახში. უფრო სწორედ სენაკში. რაღაც თვალსაზრისით მისი ბინა სენაკია, სადაც სასომიხდილი ებრძვის იგი პირქუშ მოწყენილობას. "ცოტამ უთია ღამე სამშობლოს სიბერით დაღლილს".

წავუკითხავ მისივ სტრიქონებს:

"დაბერებასაც ნიჭი უნდა, ნიჭი მოვლისა,

საკუთარ თავთან დაზავების, დამეგობრების,

გაფანტულ ძალთა შემოკრების და განმტკიცების,

ნიჭი დათმენის, შემეცნების, სხვა შემართების,

დაბერებასაც ნიჭი უნდა, ნიჭი მორჩილი,

ნერვთა და კუნთთა დამგეშავი, სიმხნევის მჩენი,

ნიჭი მეოხი, შემწედ მოსვლის, ჭირთამძლეობის,

დარდთან მოქნილი გამკლავების, განმარტოების.

დაბერებასაც ნიჭი უნდა, ნიჭი უდრეკი,

დროის სივრცეში შეღწევის და განცალკევების...

ნიჭი სრულყოფის მოწადინე, ლოცვით ნაგეში,

ცნება "სიკვდილთან" მოთამაშე, ფერისცვალების.

დაბერებასაც ნიჭი უნდა, ნიჭი მოვლისა...

წავუკითხავ მისივ სტრიქონებს და სიხარულის ტალღა გადაუვლის, კალმოსნის სახეზე საზეიმო განწყობა ათამაშდება.

ვისაუბრებთ განჭვრეტაზე, გულმოწყალებაზე, ამა სოფლის სიავეზე და იმა უკეთურებით დაღლილ ადამიანებზე. უიმედობასა და მწუხარების ალალ სიტყვებს ვიტყვით, ამქვეყნიურ წარმავლობას იმედაყრილ მზერას მივაპყრობთ. ადამიანურ ცხოვრების მთელ უმეცრებას და ამაოებას თვალს გაუშტერებთ, უაზრო ბორგვა ბოგინს, კაციშვილთა ყოფის მთელ ამაოებას. მეჩემიათა მიმართ დაცინვა გაკრთება, ხელს რომ უწყობენ ხალხის გაბაიბურებას. ამბებს ძირისზირობამდე ჩავყვებით, ვიღაც კიდეც შეგვეცოდება. მსჯავრსაც დავდებთ უხამსობას, სიყალბეს, ღრმადაც შევტოპავთ... გულები ძალუმად აგვიძგერდება.ასე მოკვდება ვიეთნთა მიმართ სიახლოვისა, ერთობისა და მეგობრობის გრძნობა. მართლაც მარტონი ვყოფილვართ, ბევრს არ ესმის ჩვენი. "დაარქვი, დაარქვი სახელი, გამოათავისუფლე ადგილი ცინცხალი აზრისთვის".

"როცა შენს ნააზრევს წინადადებებად ჩამოაყალიბებ, გონს გამოათავისუფლებ და შესაძლებლობა მოგეცემა თითქოსდა სინამდვილედ მიჩნეული ოცნების ლოგიკური გაგრძელებისა"... ჩამესმის მწერლის ხმა. მხატვრებს მერწყული ბინულთან დაფიქრებული გამოუსახავთ. მაგრამ საარაკოა თებერვლის თვეში შობილთა პირდაცულობა. ფშანივით ირაკრაკებს, განუწყვეტლივ.

ქვს ანალიტიკური, მქადაგებლურინიჭი, შთამბეჭდავი წინასწარმეტყველებანიც.

გაიხსენებს, მხარზე ედო ოტია პაჭკორიას კუბოს ფიცარი, ვის ნიჭიერებასაც აშკარად აღიარებს...

ფიქრით გართული ტბასთან გამოვფხიზლდი. ალვების ალაგ გადაქერქილ, მბზინავ, და ალაგ დაფორაჯებულ ტანს შევაცქერერდი დილის მზის სხივები რომ ელამუნებოდათ.

გაუყევი წყლის ნაპირს ცხოვრებით უკმაყოფილო, უჩვეულო რამ საფიქრალით. გარემოებანი მირჩევენ ერთხანს ამ ტბასთან ვიბორიალო.

სიონი მძლავრი იქნება და მის გავლენას თავს ვერ დააღწევ მაგრამ მუზებიც გვსტუმრობენ. კალმოსნის ჩაღრმავებაც ძალუმი შეიქნება და ვერც მის ზემოქმედებას დააღწევ თავს. ხოდა იწყებს სული ჩემი ამბოხებად და მიზეზობად. ყოველნი სპასალარნი და ეპისკოპოსნი ნურც შემეგებვიან.

ოცნებისა და წარმოსახვის სურათ ხატებას ვუხმობ. ნუ მომისპობთ ამის საშუალებას. გზასაცდენილიც ნუ გეგონებით. თხემით ტერფამდე დამუხტული ვარ უძლიერესი, კანონიერზე უკანონიერესი სურვილით.

"ანტიკურ სიბრძნეს საღი ადევს ფერი და მადლი"...

უმჯობესი და უძვირფასესი ინსტიქტები დაჩლუნგებულან. სწორედ ის უძველესი ალღო უნდა დადასტურდეს.

გაუგონრად თამამი თუ შემზარავი აზრები, შეხედულებები გულმოდგინედაა დაგმანულ - მიჩქმალული. ძლევამოსილ შეგონებებიდან მოდი და ერთი შეიმეცნე. უმაღლეს ფასეულობათა გამორკვევისას სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებ. დე თავდაყირა დადგეს ყველაფერი. ზერელე და ზედაპირული აღქმა არ დაშვენდება. მასზე მინდობილი მეც უდიდეს საიდუმლოსთან ვხდები წილნაყარი, სასწაულის მოწმეც, ხომ ვიყავი ერთ დროს მისი გულმხურვალე თაყვანისმცემელი, ყოვლისშემძლედ მივიჩნევდი.

კაცმა რომ იკითხოს, ეს ახლა საჭიროც იყო ჩემთვის.

არის სინანული, რომელიც მე იქ უნდა მივიტანო. ლოცვა, განსაკუთრებულ რჯულის ადამიანებს რომ შეეხება, მანდ რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა მივანიჭე. ხვთის მიმართ შენაცოდებს? - არა! ჩვენი, საერთო მეგობრების წინაშე ჩადენილთ, განსაკუთრებულთ, სასტიკ გვარისას! ჰეი დოსტებო! შორეულო თაფლისფერო სანთლებო! მიზნებო ჩვენი ცხოვრებისა.! წუთისოფელში სტუმრობა მთავრდება, ჩვენც მალე გავშლი უკუნეთში თქვენთან ჭაღარას. სად ხართ ახლა თეთრად თმა და წვერგაბურდულნი, აღარაფერი დაგვრჩა თქვენგან და თითქოს ეშმაკისაგან დევნილი დავძრწი. თქვენ გიყიჟინებთ ყოველდღიურობის დილეგიდან, გვასწავლეთ სიკვდილი გონიერებასთან შეხამებული ან ვით ჩაუდგათ ბუნებას სული ღვთაებასთან მიახლოვების წამს?! ჩვენს ელინიზირებულ, წინაპართა რწმენის უუძველეს ღვთაებას უმხარდამხარდები. ჩვენივ სულის ბუნდოვან ყივილს. გულს მომეფონება, დედა ბუნების წიაღში მომისვრის, ხელახლა დამიბრუნებს თვალისჩინს.

"ანტიკურ სიბრძნეს საღი ადევს ფერი და მადლი" ვერა და ვერ დავიჯერებთ რომ ტკივილითა და იმედგაცრუებით მთავრდება ყველაფერი. 2300 წლისანი გავხდით და ჭკუა არც მოგვმატებია არც მოგვკლებია!

სწორედ იქედან მოჩვენებით სიმხნევით გადმოვაბიჯეთ...

ნაწერთან გამოთხოვების ჟამი დგება. კმარა! ისედაც გამიგრძელდა სიტყვა. ქაბრიოსი ათენელი მხედართმთავარი იყო. ქანდაკებაში მუხლმოყრილი გამოსახეს ბერძნებმა რადგან მან ჯარს უბრძანა, მტერს მუხლმოყრილი შეხვედროდა. ქანდაკი მთაზე იდგა და ათენის მოედნიდან ჩანდა.

მაინც გამიტაცეს ზღაპრებმა. ვეღარ დავბრუნდი ბურანში წასული. თავს ვერ ვანებებ ოცნებას. წარმოსახვის ნიაღვარმა უკვე წამლეკა.

სწორედ აქ, საგურამოს ქედის ფონზე, მაგიურ ძალით გამოხატულ, ბღვარისკენ პირმიქცეულ ჯანრი გოგეშვილის მუხლმოყრილ ქანდაკებას ვხედავ, ღვაწლმოსილი აღმზრდელის მზერით, მკაცრით, გამკიცხავით, გოროზით, ქართველი მწერლის პატივის მქონე კაცისას, შემკულის ზეგარდმო ნიჭით, მორწმუნეობითა და გონიერებით.

მარტოსულობა კვალს დაამჩნევს სახეს!

გონიერება უცილობელ ბეჭდით დადაღავს იერს, თავის თავში ჭეშმარიტების დასაგულვებლად მიყურიადებით უნარის მატარებლისა...

უაღრესად დახვეწილი, კეთილშობილი, საკუთარ ღირსების გრძნობით აღსავსე მეტყველი სიფათის ნაკვთები, საოცრად საინტერესო, არაჩვეულებრივად ნატიფსა და მგრძნობიარე სულიერ ცხოვრებას გაამჟღავნებს. განდგომილის, მარტოსულის დაღიც დააჩნდება, ყოყოჩობის და ამპარტავნების ნიშანწყალი არ დაეტყობა.

"ყმაწვილთა შესაფხიზლებლად" ეს იქნება მისი ამქვეყნიური, წმინდა და მოქალაქეობრივ ცხოვრების დამადასტურებელი ქანდაკი! სულმძიმობის განწყობაა. გარედანაა გული და ამიტომ ძებნა არ უნდა, შეხედე, დაათვალიერე და მიაგნებ!

მარჯვენა ხელის მტევანის სამი თითი მახსოვრობის წყალობით უთრთის. უსაქმური ხელი როდია? თითებში ძალა ვით წაერთმევა?! სამი თითი ლერწმის კალმის "შემოსაჭდობად შემზადებული თეთრ ფურცელზე მწვალებლურ აზრის გამოხატვას ლამობს" უმაღლეს ფასეულობათა მაგინებელთა მისამართით ახლა უკვე კალამი შეუმართავს დაჩოქილს გონიერებისა და მშვიდობის სადარაჯოზე.

ან იქნებ პირჯვარის გარდასახვას აპირებს? ვიღებ გონებიდან, ვაწვდი გულს და მოვუხმობ ორს: დემონსა და ანგელოზს. ერთი მარცხენა მხარზე შემომჯდომია, მეორე მარჯვენაზეა დაბრძანებული.

მისი ზეობის წლებიც სწორედ ის წლებია, როცა ხელი კალამს მოჰკიდა. ყველაზე მკაცრი მოთხოვნები საკუთარ თავს სწორედ მაშინ წაუყენა. ეს იყო მისი წმინდათაწმინდა საქმე. პასუხისმგებლობის გრძნობით ძლევა მიენიჭა შემოქმედის გულისხმიერების უნარს.

რა, რა მოეჩვენება წვრილმანად კალმოსნის ყოვლისმომცველ თვალჩაშტერებას?

არა, იგი მსჯავრს როდი სდებს ჩვენ ზერელე ცხოვრებას და მის გარშემო ატეხილ აურზაურს. ძირს დახრილია დარდიანი მზერა. იგი უფრო ღრმა შრეებისაკენ აიღებს გეზს რამეთუ ადამიანთა მოდგმის გულისკენაა მიმართული.

მიწას დასცქერის ფიქრიანად ძლიერი თვალი. ქუშად შეუკრავს წარბი!