აბდულმესია შა(მ)თელი
ჩვენს წინაშეა უცნაური ბედის კაცი. ალბათ, პროვიდენციალური ხვედრისა. ამ იდუმალებით მოცული ადამიანის წუთისოფელი თითქოს სევდიანად დიადია. მცირე ექსკურსი. არაბულ სამყაროზე გამარჯვებული დავით მეოთხე ახალ საქართველოს შენებას იწყებს. `ქართველები ჩამორჩებიან ბერძნებს და ჯერ კიდევ მხოლოდ ქედს იხრიან მათ წინაშე~_ო, წერს ქართველი ფილოსოფოსი. მაგრამ ქართული ენა საფილოსოფოსო ენაა, ქართველთა ტვინი_სიბრძნის სიყვარულისთვის მომართული ფენომენი. შენდება გაენათი თუ გელათი (ახლა რა აზრი აქვს ძველი აზრების ინტერპრეტირებას)_გველათი ხომ არ არის ამ სახელწოდების სემანტიკური წარსული?! საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გაენათის ტაძარი ქუთაისიდან ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო აკადემიის ბაღები ჩრდეილო_დასავლეთითაა და აქ ჩვენ ტოპოგრაფიულ ანალოგიას ვუახლოვდებით. გაენათში ნეოპლატონიკოსებს უნდა ეღვაწათ და ელოცათ. ქრისტიანულ სარწმუნოების ქვეყანაში აზროვნება შეეტანათ. ხვთისმეტყუელებაი ნივთთაგან მიუხებელი წამოეყენებინათ,~ ღმერთი ექსტაზის საშუალებით ეხილათ, ანტიკური სიბრძნის სინათლე დაენახათ და განეცადათ. რად გაჰყვა დავითს მისთვისცა ტკივილი სამარადისო? პასუხს ითხოვენ ჩვენი ნეოპლატონიკოსი წინაპრების აჩრდილები. მათი მოძღვარი ერისაგან შეუწევნელობას ტირის (ქართველებმა დევნა დამიწყესო), ხოლო გაენათი დაგვირჩა დასაკრძალად ბაგრატოვან მეფეთა, ძვალთშესალაგათ ნეშტთა ძლიერთა ამა სოფლისათა და ოდენ... ვეფხისტყაოსანი კი, რომელიღაც, სულ სხვა ემოციის სინდისებრივ, უფლებრივ თუ მორალური გადარჩენის მიზნით დაწერილ პოემად უნდა ჩაითვალოს. მესიანისტურ კონცეფციის ნაკვერჩხალი თამარის ეპოქაშიც ღვივის. X საუკუნის ქართველებმაც დაამარცხეს თურქები და არა მხოლოდ პოლიტიკურად_რელიგიურადაც. ჩვენი ქვეყანა ძლევამოსილი გამოვიდა საუკუნოვან ბრძოლებიდან მაჰმადიანურ სამყაროსთან. მას ახალი მისია უნდა ეკისრა. აბდულმესია არა მარტო ორიგინალური შემოქმედების მესაფუძვლე და საშუალო საუკუნეების საქართველოში დიდად ავტორიტეტული პიროვნებაა, მან მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ატარა თამარის ეპოქის მნიშვნელობის სიყვარული. შავთელის თხზულებების მსოფლმხედველობრივი საძირკველი მამულიშვილობაა, ხოლო იდეალი_ძლიერი, ცენტრალიზებული, გაერთიანებული საქართველო. ეს კაცი თავის დროის უმჯობესი წარმომადგენელია. კი, ჩვენს ერს აბდულმესია ყოველთვის რჩებოდა ქართული პატრიოტული სულის წაყვანი ხაზის მიღმა. რატომ, არ ვიცი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ცდომილება ყოფილა. მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან თარიღთა დადგენა ვერ ხერხდება, ადამიანისა, ვისი ნაწერებიც, ალბათ, მისი სიკვდილის ახლო ხანებშივე უნდა განიავებულიყო. ვცადოთ არდგენა ისტორიულ სიმართლის და თამარის თანამედროვეს, მასთან დაახლოვებულ პიროვნებას მივუჩინოთ მისთვის საკადრისი ადგილი. მეცნიერებს ალბათ ოდების ავტორის მესხური წარმომავლობა აბნევს. ანუ იმ მხარიდან, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით დიდი როლი რომ ითამაშა, მაგრამ ეს სავარაუდო უფროა, ვიდრე სინამდვილე. ქართულში სადაურობის მაწარმოებელი აფიქსი `ელ~_ია. ამ აფიქსით უამრავი სახელი წარმოებულა. მაგ:მროველი, აწყურელი, ტბელი და სხვა. ამიტომ მორფოლოგიური თვალსაზრისით საეჭვო არაა, ნთუკი ასეთი განმარტება კონტექსტს შეეფარდება და გეოგრაფიულ ნომეკლატურაში შავთის სახელწოდებით რომელიმე სოფელი ან დაბა იქნება ცნობილი. მაგრამ საქართველო არ იცნობს შავთის სახელწოდებით არც სოფელს და არც დაბას, ამას ზაქარია ჭიჭინაძეც არ უარყოფს, თუმცა ეს გარემოება სულაც არ აფერხებს _ შავთელი გეოგრაფიულ სახელიდან მიღებულ ზედწოდებად აღიაროს. არძრული საკითხის ირგვლივ თავშეკავებული მოსაზრება მაქვს. კი, არავითარი საბუთი არ არსებობს, რომ დღემდე ცნობილი ფსევდონიმი ყალბად გამოვაცხადოდ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კალმისმიერი, გრაფიკულ ნიადაგზე `დ~ სა და `ვ~ _ს აღრევის შედეგად წარმოშობილი შეცდომაა, რაც გაუგებრობით ან უცოდინრობით აიხსნება. ალბათ, ინტერპოლატორმა `დ~ და `ვ~ ერთმანეთში აურია, ან უბრალოდ ასო `ვ~_ს მუცელი დაზიანებული ჰქონდა. შა(ვ)თელი შა(მ)თელად წაიკითხა და დედანის მერმინდელმა გადამწერმა ასოთა წყობის ისეთი პროექტი შემოგვთავაზა, რომელიც დოკუმენტურად არაა დასაბუთებული. კატეგორიულად როდი ვმსჯელობ. ხომ ადვილია ეს ორი თანხმოვანი ერთმანეთში აღრეულიყო. ვამჯობინე ასო `მ~ `ვ~_დ წამეკითხა და ამ ფონეტიკურ ცვლილების შედეგად შამთელი გეოგრაფიულ სახელიდან მიღებულ ზედწოდებად ჩამეთვალა. ამგვარ გასწორების შემდეგ ვგონებ სიტყვამ თავდაპირველი შინაარსი შეიძინა და ეს დეტალი საფუძველს მომცემს დავასკვნა,_იგი შამთელია და არა შავთელი. ეს მოსაზრება, შესაძლოა მკვლევარებმა არც გაიზიარონ, მაგრამ მის უარსაყოფად საჭირო საბუთს ვერ წარმოადგენენ. ორთოგრაფიულ შეცდომის, ამ წერითი ლაფსუსის გასწორება სიტყვას სხვაგვარად გვაკითხებს და მის ავტობიოგრაფიის ზოგიერთ დეტალს ისტორიის დაღი დააჯდება, თუმცა ამის შესახებ ქვემოთ!.. რა იქნებოდა ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა პარარელულად სოფლურ ყოფაზე, ხალხის იმჟამინდელ რეალობაზე ეწერათ, წარსულ ამბებისთვის შუქი მოეფინათ. სიტუაციების, ბედკრულ თავგადასავლების გამო უფრო გარჯილიყო კალამი. შამთელზეც ხომ ცოტა მეტი გვეცოდინებოდა. და ვინაიდან ეს ყველაფერი არ არის, ან ძალზე მწირია, მინდა მწერლის პირადი, სუბიექტური გამოცდილება გავიზიარო და ჭიჭინაძის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც აბდულმესია შიომღვიმის მონასტერში განისწავლა, ისტორიულ სიმართლეს აღგვადგენინებს. ბოლოს და ბოლოს იმ მოსაზრებათა შეთანხმება (იგი ჯავახეთიდან იყო, ხოლო განისწავლა შიომღვიმეში_ო) თითქმის შეუძლებელია. მაინც ცხოვრების როგორი გზა განვლო ამ ლიტერატურული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადამიანმა და თუკი განგვიზრახავს მისი ყოფიერების დეტალებს ჩავწვდეთ, შეძლებისდაგვარად აღვადგინოთ შამთელის სახე,_თვით წვრილმანებსაც გამოვედევნოთ. აქვე მინდა მოვიყვანო მოსე ჯანაშვილის ცნობა, რომელიც გაზეთ ივერიის 1882 წლის ერთ_ერთ ნომერში გამოაქვეყნა. აი, რას მოგვითხრობს: `თამარის მამამ, გიორგიმ გამოაჭრევინა ეკლესია და მონაზონთა სენაკები. ამბობენ, რომ მის გამოკვეთაზე ხელმწიფის მოღალატენი და სხვა ტუსაღები მუშაობდნენო. ამავე დროს, უფლისციხეში ვიღაც შავთელი კლდესა კვეთავდა, საეკლესიო საქმეს რომ მორჩენილა, კლდეზე გამოუჭრია შემდეგი წარწერა: `მე შავთელმა ერთი წერაქვი შვიდ დღეს ვიხმარე ამის კეთებაში და ერთხელ არ გამილესია~-ო. ქორონიკონად ამ წარწერას აქვს 110 წელი. ~დამტკიცებით არას ვიტყვით, რომ ეს შავთელი ჩვენგან მოხსენებული შავთელი უნდა იყოს. ეს მით უფრო, რადგან ჩვენგან მოხსენებული შავთელი ჯავახეთისკენ უნდა ყოფილიყოს გაგზავნილი, იქნებ ვარძიაში და ეს ჯანაშვილის შავთელი კი უფლისციხეში ყოფილა შემწყვდეული. ამის გასარკვევად და დასამტკიცებლად ჩვენ ცნობები არა გვაქვს, რომ გადაწყვეტით ხელი დავსდოთ. მე ეს ცნობა აქ დაუკარგველობისათვის მოვიტანე, მაგრამ ვბედავ და ვფიქრობ, რომ ეს შავთელი სწორედ ის უნდა იყოს~_ო_წერს ზაქარია ჭიჭინაძე. ყური მივუგდოთ აბდულმესიას: `უჩინოთაგან მღვიმეთა სოფლისათა ექსორიობა ჩემი აღმოიყვანე, ორბებრ განახლდი სიჭაბუკე სულისა, ბრალთაგან მიხსენ ძლიერმან დიდებულო, ინებე ყოფად ჩემს შორის უბიწოო!~ თუმცა მოყვანილი პწკარედები მისი სხვაა (გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი) ნაწარმოებიდანაა, ვფიქრობ ეს სტრიქონები მჭიდროდაა დაკავშირებული ავტორის ცხოვრებასთან. სინამდვილიდან ნასესხებია, ღვიძლი ავტობიოგრაფიული შემთხვევაა, უდაოდ მწერლის მიერ განცდილია. ჩვენ ვივარაუდეთ რომ წარმოშობით იგი შამთიდან იქნებოდა. ალბათ, კიდევაც იცნობდა ამ მხარეს, თუმცა არ აღწერა და არც არსად მოიხსენია. რად მეჩვენება, რომ მას გაწყვეტილი უნდა ჰქონოდა კავშირი თავის საგვარეულოსთან. შიომღვიმეში განისწავლა. ეს მესამე აკადემიად ცნობილი მონასტერი აბდულმესიას დროს ჯერ კიდევ სამეფო საკუთრებაა, დიდძალ უძრავ და მოძრავ ქონებაშეწირული. საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადებისგან შეუვალ პრივილეგიებით. მონასტერი Х საუკუნიდან მოყოლებული, დავით მეოთხის მომხრე და თანამდგომია საეკლესიო რეაქციასთან ბრძოლის საქმეში და ლაშა გიორგის გამეფებამდე მუდამ მეწინავეა ყველა წამოწყებაში, რომელიც საქართველოს ახალ მისიასთან იქნებოდა დაკავშირებული. თბილისში ჰქონია დუქნები, სასამართლოები და გამორიცხული არც ისაა, მის ტერიტორიაზე ქრისტეს მხედრებიც არზრდილიყვნენ, თუმცა ამაზე აქ დავიდუმოთ... ვინ იცის, იყო კი აბდულმესია ბედნიერი და მხიარული კაცი. ხომ არ ჰქონდა მას რაიმე ცოდვა? ასე თუ ისე, საკუთარ აღსარებას თავად ამბობენ ხოლმე მწერლები, მაგრამ მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, აბდულმესია რაღაც სხვა თხზულება ყოფილა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ეგება შევძლოთ და ეს ცნობისწადილიც დავიკმაყოფილოთ. აპრიორი უნდა მაპატიოთ, არგუმენტი ან რამ საბუთი არ მომთხოვოთ და ჩემი სუბიექტური მოსაზრება მისი ბიოგრაფიის კიდევ ერთ არედ თქვენც გაიზიაროთ. იქნებ თამარ როდესმე ეწვია უფლისციხეს, სადაც ტუსაღები, მეფის მოღალატენი კლდეებში მღვიმეებს კვეთდნენ და აბდულმესიამ ხელმწიფის ყურადრება პროგრესული, რადიკალური შეხედულებებით მიიქცია. გვირგვინოსანმა მასში პირველხარისხოვანი ქართველი ინტელიგენტი დაინახა. უჩვენნა თამარს, რომ სამშობლოს ჭეშმარიტი მოქალაქე და ღირსეული შვილი იყო. ფაქტი ერთია! ცხებულის პატივს რეგვენი ვერ დაიმსახურებდა. ალბათ, იმ შეხვედრამ მისი მომავალი ცხოვრება შეცვალა. მბრძანებელი და უხვად ბოძებული თავისუფლება რომ არა, უსაშველო ტუსაღობაში და ბორკილებში დაიღუპებოდა. აბდულმესიას კატორღული არსებობის სანაცვლოდ დიდებისა და სიყვარულის ჟამი თამარმა მაშინ დაუყენა, როცა მას თავისი ტანჯვა სხვა კატორღელთა ტანჯვისათვის უნდა შეერია. მეფემ მისი ბედი გამოჭედა ან საშუალება მისცა თვისივ სვე თავად გამოეჭედა. ვაი თუ უსუსური იყოს ეს მოსაზრება და ისტორიულ სიმართლეს არც შეიცავდეს. დაჟინებით არას ვამტკიცებ, მაგრამ ვგონებ ქაოსი ლაგდება! აბდულმესიას ბედმა გაუღიმა. `შვიდმანათობელს შამთელი მაღალ საზოგადოებაში შეჰყავს. დიდმა ბატონმა მისი დამოუკიდებლობა უზრუნველჰყო! ასეთი მსჯელობის შემდეგ კვლავ ვიკითხოთ, საიდანაა იგი, მესხეთიდან თუ შიდა ქართლიდან?! ჰიპოთეზამ `შავთელი რომელი იყო ადგილთაგან საათაბაგოსაო, აბდულმესიას წარმოშობის საკითხის შესწავლა მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა და ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში მსჯელობის საგნად აქცია ზოგიერთი მცდარი ან სუსტად დასაბუთებული მოსაზრებანი. თუმცა ჩემი მოქმედებაც ხელოვნურია. არც მე ვარ დაზღვეული სუბიექტური გადახვევებისაგან და შეცდომებისაგან, მაგრამ აბდულმესია რომ შამთიდანაა, ამის უტყუარი ნიშანი ისაა, რომ შიომღვიმის მონასტერი და უფლისციხე იმ სოფლიდან ფრთის ერთ დაქნევაზეა, რაც კიდევ ერთხელ მიდასტურებს ჩემს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას – შამთა და არა შავთა. საკითხს აბდულმესიას შესახებ ჩვენ ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით, სადაც უფრო ნათლად გამოჩნდება შამთელის შეუსაბამობა იმ როლთან, რომელიც მას ჩვენმა მკვლევარებმა განუკითხავად მიაკუთვნეს. ამ დრამატული სახის, ძლიერი ნებისყოფის მქონე კაცის, თავისი დროის უდიდესი დენდის (იქნებ მორალისტისაც) ცხოვრებასა და სამწერლობო გზაზე ძალიან ცოტა ვიცით. ვიცით, რომ იგი საერო პირია, თამარის კარზე უცხოვრია, თავისი საუკუნის განათლების მაღალ დონეზე მდგომია. მზად არის მეფის ტახტს თავი ანაცვალოს: „მნედ მისთვის ვიყო, სული განვიყო, უფალსა ჩემსა რამც გამყაროს“–ო. შამთელის შემოქმედებას მისივ ტემპერამენტის დამღა ადევს. არის აბდულმესიაში ელვარება და დახვეწილი სტილი. მის პოეზიაში ყველაფერს იპოვნის კაცი: მგრძნობიარესაც და ცეცხლოვანსაც, ოპტიმისტსაც და პესიმისტსაც, ნებისყოფის სიმტკიცის მოწამესაც და ბედისწერისაც, მორწმუნესაც და მეტაფიზიკის უარმყოფელსაც, და, მაინც, რატომღაც სულ სხვა ადამიანი მინდა მოვძებნოთ მასში. მივყვეთ დინებას. აბდულმესია Х საუკუნის საეროა! გონიერების და ლოგიკის კაცია! შამთელი ჯანსაღ მოსაზრებათა გამომთქმელია! ნაწარმოები ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, რომ სასულიერო მწერლობაში განსწავლულა. რატომაც არა, თუკი მან შიომღვიმის მონასტერში ისწავლა და თეოლოგიასა და ფილოსოფიაში შესაფერისად განათლდა. მაშინდელი სასკოლო დისციპლინის მიხედვით ყრმის გონებრივი წვრთნა რელიგიური გზით წარიმართებოდა, მაგრამ ნუ მოვატარებთ ათენს, ეგვიპტესა და ფინიკიას და ნურც გაენათში ვამეცადინებთ წიგნთსაცავის აღორძინებისათვის. იგი ქრისტიანული მოძღვრების ინტერპრეტაციას არსად ეწევა. ნაწარმოებების მიხედვით ვერ იტყვი_კლერიკალიაო. კლასიკურად კი მეტყველებს, პოლიტიკურადაც. ჩვენი მკვლევარები შამთელს ქართველ მოღვაწეთა ელინოფილურ წრეებში ვერ ხედავენ ანტიკური ფილოსოფიის ტრადიციების გამგრზელებელთა შორის მოუაზრებელ მორვაწეს სქოლასტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა შორისაც არ ეძებენ. მეცნიერები იუწყებიან: „შამთელი სქოლასტიკური მსოფლმხედველობის ზმანებებს არ გაჰყოლია. არ ცდილობს ცას ხმა მიაწვდინოს, არც რაციონალურ თეოლოგიას ქმნის. მან სულ სხვაგან გაშალა თავის შემოქმედება. იგი არ ასაბუთებს ქრისტიანობას „გონებითა“ და „ხედვით“. ამიტომ ნეოპლატონიკოსად ვერ ჩაითვლებოდა, არც ორთოდოქს ქალკედონისტად. შამთელის შემოქმედება ქრისტიანულ–ბერძნული და აღმოსავლური კულტურის ნაერთია. თავისუფალი ჰაერით გაჟღენთილი. შამთელი სინთეზია ქართული კულტურის ორივე გზისა“–ო. წყაროების მიხედვით დასტურდება, ეს ლიტერატურული და ისტორიული მოღვაწე, ვისი საზრუნავიც ქართული საქმის წარმატებაა, თავის თავს მწირსა და მსხემს, მნესა და მონას რომ უწოდებს, თამარის ტახტთან გარინდებულა. მეფის სავაზიროში არ ჩანს. წინ არავის გადაღობვია, თანამდებობის დაკავება არც უფიქრია და, რაც მთავარია, ამქვეყნიურ, სახელისა და დიდებისადმი სრულიად ინდიფერენტულია. მიასკეცდება ინტერესი ამ მრავალმხრივი, ორიგინალური, ბედით ასე განებივრებული ადამიანის მიმართ. საქართველოში არაბთა სამასწლოვანმა ბატონობამ ჩვენი ქვეყნის კულტურის სივრცე არა მხოლოდ არაბული ფილოსოფიით და მეცნიერებით გაჟღინთა, იმ დროიდან მოყოლებული, ბევრს ერქვა (დღესაც არქმევენ) არაბული სახელი. აბდულმესიაც არაბული სიტყბვაა და ქართულად „ქრისტეს მონად“ ითარგმნება. მაგრამ მეცნიერებისა და ფილოსოფიის პარარელულად არაბეთიდან ქართული ყოფიერების ატმოსფეროში ჩნდება მეტად საინტერესო ფენომენი „რინდი“. ამ სახეს თურმე ღრმა გენეტიკური ფესვი ჰქონია. აი, რას მოგვითხრობს მათზე ბატონი თამაზ ნატროშვილი: „ისინი ჯერ კიდევ Х საუკუნეში ჩნდებიან არაბული პოეზიის ფურცლებზე. ეს ხატი ჰაფეზმა დახვეწა და მაღლა ატყორცნა ვით სიმბოლო ამაყი და თავისუფალი ადამიანისა. უსახლკარონი და ენამახვილნი, ალალები და არწივივით ლაღები, ფარისერვლურ მორალით შებორკილ საზოგადოებასთან დაპირისპირებულნი, გულით და გონებით მდიდრები, ერთგული მეგობრები, შმაგი მიჯნურები, ზნეობის მეთვალყურენი და ჭეშმარიტების მცოდნენი გოროზად რომ ატარებდნენ შერქმეულ სახელს–ვაჟკაცი, დარდიმანდი, კეთილშობილი, პატიოსანი კაცისა. ამგვარი სულიერი ექსტაზით შეპყრობილი რინდის ცხოვრების მიზანი უხილავი სინათლისა და შეურყვნელი სინამდვილის წვდომა იქნებოდა. მათ ერთადერთ სარწმუნოებას ჭეშმარიტება წარმოადგენდა, ლაღი ცხოვრება და მეამბოხე სული. რინდები არ ემორჩილებოდნენ ცისა და ხმელეთის მეუფეებს. უსახლკარონი იყვნენ და მთელი ქვეყანა თავის სახლ–კარად ეგულებოდათ. უქონელნი იყვნენ და ყველაზე მდიდრებად მიაჩნდათ თავი. სპარსი პოეტები: სანაი–Х ე საუკუნე, ჯალალ ედ დინ რუმი Х–XI საუკუნე და ჰაფეზი XIV–XV საუკუნე, რინდები იყვნენ“. რა ვიცით რინდების წინაპრებზე? ვინ არიან მათი მახინჯი შთამომავალნი? დღეს პოეზია ცუნდრუკსიტყვაობით შეცვლილა, ვერბალური ალიტერაცია_ცუღლუტმეტყველებით! არავითრი ოფიციალური ცნობა არ მოგვეპოვება თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგდროინდელ შამთელის ცხოვრებაზე და აბდულმესიას ბიოგრაფიის ის ხანაც ბურუსითა მოცული, მაგრამ თუკი კარგად ჩუკვირდებით, შევნიშნავთ, რომ თამარის სიკვდილმა და პატრონესას დაკარგვამ მას ახალი სატანჯველი მოუმზადა. იქნებ სწორედ იმჟამად შაფარა თვი ეკლესიას და იოანეც შარქვეს. ეს მაშინ მოხდებოდა, როცა მძიმე და ნაღვლიანი პერიოდი დაუდგა, თუმცა რინდი კვალად გარინდებას ამჯობებდა და მისი ცხოვრებაც სწორედ იმ ველშია საძბნელი. თამარის ეპოქა დასრულდა. მასთნ ერთად ქართული ფეოდალური მონარქიის განვითარების, ფეოდალიზმზე დაყრდნობილი აბსოლუტიზმის ხაზიც მთავრდება. ჯერ ისევ მის სიცოცხლეში (როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ), დეგრადაციის აჩრდილი აქა_იქ ჩდება. შიომღვიმის მონასტერიც დაცემას იწყებს! სამშობლო მოქმედებას მოითხოვს, მოქმედება–ძალას. ეს საუკვეთესო ქართული სულის მატარებელი და უმჯობესი პატრიოტი მოვლენათა მსვლელობაზე გავლენას ვერ ახდენს, საქართველოს გამო ჯავრი მხრებით რომ ზიდა, ტვირთად კვლავ აწევს, სოციალურ ვალდებულებათაგან ვერ გათავისუფლებულა. თამარის ძემ, ახლა უკვე მეფე–ლაშა გიორგიმ რინდებთან დროოსტარებას მოუხშირა. ყველაფერზე ერთდროულად ვერ იფიქრებ და ვინ იცის, როგორ დასრულდა თვალისამოგდების ცნობილი ამბავი, მაგრამ ვგონებ ის მუშტი, მოხუცი რინდის ბებერი მუშტი, ხოლო აბდულმესიას სიკვდილი, პრინციპების ერთგული კაცის სიკვდილი იქნებოდა. „მოღვაწებათა შინა განთქმულო და სიბრძნის მოყვარევ! `ყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი (შენი) მარადის!“ ზემოთ აღვნიშნე, შამთელი ორიგინალური შემოქმედების მესაძირკვლეა მეთქი, მაინც ვისგან შეისისხლხორცა მან ასეთი მანერა წერისა. ვის ემემკვიდრა? ეს დასაფიქრებელი და ცალკე მსჯელობის თემა გახლავთ. არაფრისაგან ხომ ვერაფერს შექმნიდა. რომელი მდინარის სათავეს დაეწაფა და სრულად ახლებურად ააჟღერა მივიწყებული ჰანგი. რა წყაროს დაესესხა? არ ვიცი! მე გადავწყვიტე ის წყაროები და მდინარეების ის სათავეები მომეხილა, იმ სანახებში მემოგზაურა, სადაც ჩემი აზრით იწყებოდა და ყალიბდებოდა მისი წუთისოფელი. ვერეს ჭალები სახელმოხვეჭილა ორთაჭალის, კრწანისის, სეიდაბადის, გარეთუბნის, დირსიჭალების გვერდით. ვერეს ხეობა–ძველი სკვირეთი. ოდითგან განთქმულან ისინი ვენახებით, ღვინით, ბაღებით. ბუნების სიყვარულს ეს ადგილებიც გასწავლის. კაცი ერთობ ისიამოვნებს, თუკი იგი აქეთ წამოვა. უძველესი სალოცავების ხილვა კრძალულ სევდას მოჰგვრის. მეპატიოს რომ თამამ ფანტაზიით შევედი ამ ხეობაში, თავისუფალი და გაბედული ფანტაზიით. იწყება მთები, გორები, ნაბაღრები, ნასახლარები, ახლა ისინია ჩემს ირგვლივ და რას მივყვე კვალდაკვალ ჯერ ხეირიანად არ ვიცი, თუმცა აქ ყველაფერი შესაძლოა და სარწმუნო. გულმოდგინედ გადავათვალიერე ქართულ ჟურნალ–გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ხელჩასავლები ბევრი არაფერი, გარდა ივანე როსტომაშვილის და ივანე კერესელიძის მწირი ცნობებისა და, ისიც მხოლოდ სოფელ ვანათამდე. მდინარე სათავეს შამთაში იღებს. შამთა ერთადერთია საქართველოში. ეს ღვთისაგან და კაცისგან მიტოვებული ნასოფლარი ბეთანიიდან 12 კილომეტრზეა. სახელწოდება ეტიმოლოგიაზე ჩაგაფიქრებს. აქაურობა უქმი, ჰედონისტური ცხოვრებისათვის განგაწყობს და განსაკუთრებულს განგაცდევინებს. უხეხილო, უვაზო, რამეთუ მოადგს დიდგორიო–ბრძანებდა ვახუშტი. მონადირისგან ვიგებ, რომ ნასოფლარში წიკლაურებს უცხოვრიათ, უძველესი საფლავები აღარ დამხვდა. ეპიტაფიები ვერ წავიკითხე. წიკლაურები აქ თითქმის ყველგანაა. შამთიდან მანგლისი დასავლეთით მერვე კილომეტრზეა. წიკლაურები მანგლისშიც მრავლად არიან. ამ გვარის პრიმატი აქ ყველგან იგრძნობა. ნასოფლარიდან ლელობამდე (ესეც ნასოფლარი) თორმეტი კილომეტრია. იქ წიკლაურების გვერდით ფირუზაშვილებიც სახლობდნენ. ძალაანთხევის თუ ძაღლაანთხევის მარცხენა ნაპირის შემაღლებაზე მაჩხაანის წმ. გიორგის ბაზილიკა Х საუკუნისაა. სალოცავი ისე პატარაა, მასში ალბათ რამდენიმე მლოცველი თუ დაეტევა. საარქიტრავო ქვის ქართულ–არაბულენოვანი წარწერა გვატყობინებს, იგი ჰომად კიტრისძეს აუგია. ფეოდალურ ხანის ძეგლის ირგვლივ ნასოფლარი ტყითაა დაფარული. შამთიდან ჩრდილოეთით მეშვიდე კილომეტრზე პარატისის ნანგრევებია. ამაოდ ვეძებ ეპიტაფიებს. პარატისისა და ქვათახევის გზაგასაყარზე Х–ХI საუკუნეების ძეგლი „ძუძუხატის ეკლესია“ ბრძანდება. ეპიტაფიები აქაც ვათვალიერე. საკურთხისის ნანგრევები შამთიდან ჩრდილოეთით მეოთხე კილომეტრზეა. უძველესი საფლავის ქვებიც დამხვდა–სარკოფაგულიც და ვერტიკალური ანუ მატურიც. სამი გვარი ამოვიკითხე: თედოლაშვილი, თქოფაძე, დოდოლაური. საკურთხისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია „უმზეურა“ გვიანფეოდალური ხანისაა. იგი არცერთ გვარს არ მკარნახობს. შამთიდან ჩრდილო–დასავლეთით მერვე კილომეტრზე თრიალეთის ქედის მთავარი ორთოგრაფიული ერთეული „ობოლკლდე“ ზღვის დონიდან 2083 მეტრზე არმართულა და კასპს გადაჰყურებს. ვარჯაანის ნანგრევებიც აქვეა. წარწერები კი არა. ნაქალაქარი ხეკორძი და ხეკორძულას სათავე შამთიდან ჩრდილო აღმოსავლეთით მეოთხე კილომეტრზეა. მისი მარჯვენა შენაკადი „ზარიძეების წყალი“ ერთ გვარს მისახელებს. ნახშირგორა შამთიდან ჩრდილო აღმოსავლეთით მერვე კილომეტრზეა. იქ ოდითგან მკალავიშვილებს უცხოვრიათ და მხოლოდ. ვახტანგ მეექვსის დასტურლამალი რამდენიმე გზის შენახვას ახლომახლო სოფლებს ავალებს:„უნდა უთაონ რევისშვილებმა წყრულეთ, ნახშირგორელთ, კვესელთ და შავწყალის გზა უნდა შეინახონ. უნდა უთაონ თულაშვილებმა თაკველთ, ღვეველთ, დრელთ, ვანათელთ და თულანთ მამულმან ფანჯრების გზა შეინახონ!“ სადღაც ამ მიდამოებში უნდა ყოფილიყო სოფელი თეთრაძე, თუმცა მის ადგილმდებარეობას ვერ მკარნახობენ ვახუშტის და სამხედრო ფართომასშტაბიანი რუქები. წიკლაურები, ფირუზაშვილები, კიტრიძეები, ზარიზეები, მკალავიშვილები, მელიქიშვილები, თედოლაშვილები, თქოფაძეები, დოდოლაურები, თეთრაძეები. აი დაახლოებით სრული ან არასრული ჩამონათვალი იმ გვარებისა, ამ არემიდამოში რომ უცხოვრიათ. მე რაც შევძელი სულ ესაა, სხვებმაც იკვლიეთ. შამთელო! რაღაცნაირი საცთური მგონია შენი 98_ე სტროფი, მეცნიერებისთვის გაურკვეველი და ლამის ულმობელი გლოსა–აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. თხზულებებში ბევრი ადგილი ტექსტუალურად დაზიანებულია და ნაწერი შენს შთამომავალთ ზედმიწევნითი გააზრებით ვერ გვანებივრებს. ესეც ბუნდოვანი ტაეპია. მ. ჯანაშვილს, პ.ინგოროყვას, ს.კაკაბაძეს მისი შინაარსი არ ესმოდათ. „строфа не поддается толкованию“, შენიშნავს შალვა ნუცუბიძე. შესაძლოა ამ სტროფის ანალიზის ნიადაგზე პოემის ყველაზე უფრო სადავო პრობლემის გადაჭრაო.–მეტ-ნაკლებად ხსნის სიღრმეს ალექსანდრე ბარამიძე. და თუკი ჩახრუხაძის მეორე ოდა „მეფისადმი მიჯნურობის დეკლარაციაა“, სადაც პოეტი ვერ ფარავს თავის ინტიმურ განცდებს და მბრძანებლისადმი სიყვარულს საქვეყნოდ ამჟღავნებს,–„აბდულმესიაში“ თამარისადმი მიძღვნილი 196 ეპითეტი დავთვალე, რამაც მაფიქრებინა, რომ ამ თხზულებაშიც იწყება ბილიკი, რომელმაც, ალბათ იგივ მიმართულებით, შენი გაუმხელელი ვნების უღრანზე გაიარა, თუმცა შენს თავს სულ სხვა სიმაღლე მიანიჭე. აბდულმესიავ! „უბრალოდ ბრწყინავს თვალი სოფლისა“_ო ბრძანებ, მაგრამ არის ამბავი თრიალეთზე განფენილი და განსაცვიფრებლად, იდუმალად მიმობნეული. არსებობს რწმენა და ცოდნა, რომელსაც საქართველოში საფუძველი ყოველთვის ჰქონდა. ვინაიდან მომხდარა ისეთი რამ, რაც ოდესღაც შესაძლოა დიდად მნიშვნელოვანიც ყოფილიყო. იქნებ ერთ დროს ამ თავგადასავალზე ლაპარაკი ძალზე მოდურიც გახლდათ. არა! ჩემი მონოლოგის ფარული ინტრიგა ეს არ ყოფილა!.. შენ იცოდი, რამდენი წლისამ გადაუხადა ვალი უფალს დემნა ბატონიოშვილმა ან როდის დააყარეს მიწა თამარის ნათხზს და ჯავარსრულობას. იმ სავერსო სტროფიდან ტაბახმელის ცისა და მიწის საიდუმლო იკვეთება. ჩვენებანი, რომელთაც საოცრად სწამდათ სიყვარულის და ასე უმოწყალოდ დაივიწყეს. ესაა ზმანება ვნებისა, სისხლის ღელვის ძალას რომ გაგრძნობინებს. მაგრამ მისი პოეტიკა სულ სხვა სიუჟეტს მოითხოვდა?! ძალუძს კი ვინმეს ღრმად ჩასწვდეს ამ საიდუმლოს რაობას?! შესაძლოა ეს შეხედულებანი მოკლებული იყოს ისტორიულ და ფაქტიურ საფუძველთ. რა ვუყოთ თუკი შემაფერხებელმა გარემოებებმა უნიადაგო ჰიპოთეზები აღმოაცენა, მაგრამ მინდა ვუთხრა ჩემს საუკუნეს: აბდულმესია ვგონებ შამთელია! აბდულმესია ვფიქრობ რინდია, შუასაუკუნეების საქართველოს კი ხმას მივაწვდენ: შამთელო! X-XI საუკუნეების ქართული კულტურის ძლიერ ნაკადში შენი ყოფნით უნდა იამაყოს სოფელმა შამთამ!
вторник, 9 июня 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий