среда, 10 июня 2009 г.

ალციონ კრიშნამურტი „მოძღვარის კვალდაკვალ“

გახსოვთ საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი, `ცოცხალ ენციკლობედიად~ წოდებული ერმონია იაშვილი. მაშინ 20 წლის ბიჭი ვიყავი (სამხედროდან ახლად დაბრუნებული) წიგნთსაცავის ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში ქართულ გაზეთების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიას ჩავკირკიტებდი. ქალბატონი ერმონია ჩემს მაგიდას ფეხაკრეფით მოუახლოვდა, წინ ქსეროქსზე გადაღებული ნაბეჭდი დამიდო და დარბაზიდან გავიდა. ტექსტს დავხედე. სატიტულე ფურცელი მაუწყებდა რომ წინამდებარე თხზულება, ინდოელ ფილოსოფოსის, ანი ბეზანგის უსაყვარლეს მოწაფეს, ალციონ კრიშნამურტს ეკუთვნოდა. იგი მან 15 წლისამ დაწერა და მსოფლიოსთვის მისი პირველი საჩუქარი გახლავთ. კარგა ხანია სულეთშია ეროვნულ ბიბლიოთეკის ჩუმი, სათნო, საყვარელი ბინადარი. მინდა მის ხსოვნას უძღვნა ალციონ კრიშნამურტის პირველი თხზულება და ჩემი პირველი თარგმანი! ამ შემონაქმედის ავტორი მე არ გახლავარ! ჩემმა მოძღვარმა იღაღადა. მის თვინიერ რას გავხდებოდი? გზა – რომლის შესახებ ახლა მოგითხრობთ - მან მაპოვნინა. გინდათ დამემგზავროთ? სიბრძნე, მწვრთნელმა რომ გადმომცა თქვენც გიმეგზურებთ. გახსოვდეთ! სამყოფი არაა აქ მოთხრობილის უზაკველად შესახელება. განუხრელად უნდა განახორციელო იგი რომ სამშვიდობოს გახვიდე. მხოლოდ სიტყვის გამოგებით –უხვ სუფრას მივუჯექიო-უჭმელ-უსმელი ვერ დაპურდება. დე იტრაპეზოს, მოიროჭიკოს! ასევე გვარიანი ვერ იქნება ოდენ ბგერის მოსმენა. ქარაგმებსაც მიაყურადე. ხოლო თუკი ერთი სიტყვა ან ნართაული გამოგრჩა, სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნიე რადგან მისთვის ერთფეროვნება უცხო ხილია და უკვე წართქმულს აღარ გაიმეორებს. მგზავრთათვის ამა გზისა განუხრელი ოთხი რანგია: გულისხმიერება სიმშვიდე მიუკერძოებლობა სიყვარული
შევეცდები გადმოგცეთ, - რა მითხრა მოძღვარმა თითოეულ მათგანზე.
გულისხმიერება
ზემოთ აღნიშნულ ოთხ ღირსებათადან გზაზე ახლადფეხშედგმულ ნეოფიტისთვის გულისხმიერება მიუცილებელია. ჩვეულებრივ ამას მარადისის და წარმავალის ერთურთისაგან განსხვავების უნარად თვლიან. ხსენებული ნიჭი ადამიანისათვის გზისკენ მაბიძგებელია თუმცა უწყოდე: ეს აქტი გაცილებით მეტია, და თუკი გზის დასაწყისთან დგახარ, ე.ი. შეგიტყვია, რომ მხოლოდ ამ თელილილითაა შესაძლებელი შენთვის აუცილებელ რანგთა მოპოვება. უბირი ხალხი სიმდიდრესა და ძალაუფლებას ესწრაფვის. დავლა და სვესვიანობა უმჯობეს შემთხვევასი საგზალია მხოლოდ ერთი ცხოვრებისათვის, ამადაც წარმავალია მაგრამ ხომ არის უფრო მაღალი ღირსების, წყალწმიდა, სამარადისო ფასეულობები და თუკი იცი, რომ ისინი არსებობენ, აპირველებ მათ და სხვა დანარჩენი რა გედარდება? ხალხი ორგვარია: სწავლულნი და უსწავლელნი. ცოდნას ნუ დაგმობ. რაც შეეხება რწმენას რა შენი სადავიდარაბოა ვინ ან რა სწამს ამას თუ იმას, ანდა სადაურია. მთავარია ესმოდეს, იცოდეს, რისთვისაა მოვლენილი ამ ქვეყნად. ღმერთის მიზანი ჩვენი ევოლუციაა და ვინც ეს იცის, დამბადებლის თანამოსაგრეა, ერწყმის მას, სრულმყოფელს. ასე რომ უზენაესის თანამდგომი სწავლულია, სიკეთის მსახურია, ბოროტების წინააღმდგომია, მარჯვენა ხელია ევოლუციისა და არა პატივმოყვარეობისა. ხოლო თუკი უფლის ასაბიიდანაა, ჩვენიანია და სულერთია ვის ან რას ეთაყვანება: ბრაჰმანს, ბუდას, ქრისტეს, მოჰამედს, ინდოელია თუ ინგლისელი, ჩინელი ან რუსი. მეუფის მიმყოლთ იციან, რა ევალებათ და რატომ იშვნენ ამ ქვეყანაზე. ცდილობენ კიდეც განახორციელონ უფლის დანაკისრები, ხოლო სხვებმა, უმეცართ, არ იციან როგორ იცხოვრონ და უგნურებენ. მათ მიერვე ნაცოდვილარ ბილიკებით მგზავრობენ, ასეთი ყოფა ესალბუნებათ და ვერ ხვდბიან რომ საამებელი უზენაესისათვის არაა ის, რაც მათ ეჭაშნიკათ. ეძებენ წარმავალს ნაცვლად მარადიულისა ხოლო ვიდრე ერთს მეორისაგან ვერ განასხვავებენ, ღმერთის მხარეს ვერ დადგებიან. Aასერიგად თვითგამორკვევა პირველი ნაბიჯი გახლავთ. ესეც უწყოდე! მარადისი და სწრაფწარმავალი ნაირსახოვანია. განარჩიე ერთურთისაგან: ბაჯაღლო რიოშისაგან, ღირსსაცნობი კნინისაგან, შესარგო უსარგებლოსაგან, ვერცხლისმოყვარება მოუსყიდავობისაგან, მართებული უმართებულოსაგან. ვთქვათ და რაღაც დაგავალეს. სხეული ზანტობს, მცონარობს, სატრაპეზოდ გეწევა. რეგვენი გვამს საწადელს შეუსრულებს, დანებდება თბეს. მწიგნობარი თავს შეუძახებს: ნებივრობას ტანი გაიძულებს. არაფერია, ცოტას მოიცდის! ხშირად გვეძლევა საშუალება ვინმეს მხარში ამოდგომისა. სხეული ზარმაცობს, გვაფრთხილებს: ამ მეოხების გასამრჯელო შფოთი და დავიდარაბააო. გვირჩევს ჩვენ წილ სხვამ იმოქმედოს მაგრამ განსწავლული ეტყვის გვამს: ვერ დამაბრკოლებ! ამ მადლს გავაკეთებო! ტანი შენი ცხენია რომელზეც ამხედრებულხარ და მგზავრობ. იზრუნე მასზე, არ გადატვირთო, სპეტაკი ულუფა მიართვი და თავანკარა წყალი ასვი. წვირის ერთმა ფიორმაც არ უნდა გასვაროს იგი. თუკი ჯანმრთელი არ იქნები, თადარიგს ვერ დაიჭერ, გაგიძნელდება ვარჯიში, გაწაფვა, რაც ყველა მოწაფის ვალია და გაუნელებლად დაძაბულია. ასე რომ სხეულს შენ უნდა უწინამძღვრო და არა მან შენ. ასტრალურ გვამსაც აქვს სურვილები. სწადია იდარდო, ბრაზობდე, უკმეხობდე, ეჭვიანობდე. Bბევრი სხვაც შეეფერება. ცდილობს როგორმე გატკინოს. არ უყვარს ძალუმი განცდები და მათი წამდაუწუმი მონაცვლეობა. მაგრამ ეს ყველაფერი შენი გულისთქმა როდია?! ამიტომ საკუთარ ნიაზს ასტრალურ ტანის ჟინისაგან უნდა განასხვავებდე! მენთალურ სხეულს მედიდურად აზროვნება ეპრიანება, განცალკევებით. მას გული მიუწევს თავზე ბევრი იფიქროს – სხვებზე კი ცოტა. მენთალური გვამი ეგოისტია. იგი ყოველდროს სარგებელს ეძებს და რომც გამოიხსნა ამქვეყნიურ თავსატეხთაგან, მასზე გამარჯვებას ნუ იზეიმებ, ვინაიდან მიწყივ გაიძულებს საკუთარ ზეობაზე ფიქრს და არა მწვრთნელის ღვაწლსა თუ სხვათა შეწევნაზე. როცა მედიტირებ, მენთალური ტანი მრავალ, ნაირფერ საგნებისაკენ გექაჩება და გიჭირს იმ ერთთან მიახლოვება, შენ რომ წარმოისახე. ამიტომ ფხიზლად იდექი საგუშაგოზე, გაფრთხილდი რადგან რაწამს ჩაგთვლემს-დამარცხდები. ქველობის და გულღრძოობის მორიგება ოკულტიზმისთვის უცხოა. რადაც უნდა დაგიჯდეს – იკეთილქმედე! ყურადღება არ მიაქციო, რას იტყვიან შენზე უმეცარნი. ბუნების დაფარული კანონები კარგად შეისწავლე. იმ ნორმებით იცხოვრე, გონივრულ, ჯანსაღ აზრით იხელმზღვანელე. აუცილებელი მეორეხარისხოვანისაგან განასხვავე. კეთილისა და ბოროტის ურთიერთჭიდილის ჟამს კლდესავით ურყევი დაშთი. ხალხის მიმართ იყავ ლბილი, კეთილმოსურნე, გონიერი და დამთმობი. მიმნიჭებელი მათთვის იმ თავისუფლებისა, რომელიც შენთვისაც აუცილებელია. შეეცადე გაარკვიო, რისი გაკეთება გწადია. მოძღვართან შეგირდობის ჟამს აჯობებს წვრილმანებით დაკავდე ვიდრე ისეთ გიგანტურ საქმეს შეეჭიდო, რასაც საზოგადოება რიგიანად შერაცხავდა. შენ უნდა განასხვავო არა სასარგებლო უსარგებლოსაგან, არამედ შედარებით ხელსაყრელი შედარებით არახელსაყრელისაგან. გლახაკთა დაპურება წყალობაა, მადლია, მაგრამ მათი სულიერად გამოკვება – კიდევ მეტი სიკეთეა. ორგანიზმს ყველა მდიდარი ამოყორავს მაგრამ მაშვრალ სულს მხოლოდ სწავლული დააწყრულებს და თუ ეს იცი, ვალდებული ხარ სხვებსაც დაეხმარო. თმაშევერცხლილი მოაზროვნეც რომ იყო, ამ გზით მიმავალმა ბევრი უნდა ისწავლო. იმდენი რომ თავს ვერ გაართმევ ღირსება `გულისხმიერების~ გარეშე. საგულდაგულოდ მოიფიქრე რაა შესწავლის ღირსი. ყველანაირი ცოდნა სასარგებლოა. ადრე თუ გვიან შენ აივსები ცნობისწადილით. ჯერჯერობით კი მხოლოდ ნაწილი გაქვს ამ ცოდნისა. იზრუნე რომ ის ნაწილი იყოს ყველაზე უმჯობესი, საუკეთესო. ღმერთი სიყვარულთან ერთად სიბრძნეცაა და რაც უფრო შორსმჭვრეტელი იქნები, უფროსღა გაცხადდება შენში დამბადებელი. ისწავლე, მაგრამ ჯერ ის ისწავლე, რა დაგეხმარება ყველაზე მეტად რომ შემდეგ სხვებსაც მიეშველო. მოთმინებით დაეუფლე ცოდნას. არა იმ მიზნით, რომ ვინმე ჭკუის კოლოფად გთვლიდეს, არც იმისთვის რომ შენივ ფილოსოფოსობით ინარცისო, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ განბრძნობილს ძალუძს მეორისთვის ჭკუის დარიგება. ვინაიდან როგორც არ უნდა ეცადო სხვას დაეხმარო, თუ უმეცარი ხარ, მეტს ავნებ და ვერას არგებ. განასხვავე სიმართლე სიცრუისაგან; შეეცადე იყო მართალი ყველგან და ყველაფერში – ფიქრით, სიტყვით, ქმედებით. უწინარეს ყოვლისა ოცნებით. ეს ადვილი როდია, რადგან ქვეყნად ბევრი ცრუ აზრი განფენილა. ხოლო უკუღმართ რწმენით შეპყრობილი ადამიანები ვერ წარჩინდებიან: ვალდებული არ ხარ ესა თუ ის დოგმა აღიარო მხოლოდ იმ საბაბით რომ მისი ჰასაკი საუკუნეებია, ან იმის გამო, რომ წერია წიგნებში, რომელსაც ადამიანები საღმრთოდ მიიჩნევენ. თვითონ მოიფიქრე, აწონ-დაწონე და დაასკვენი, - გონივრულია თუ არა ურყევ ჭეშმარიტებად მიჩნეული, ბრმად მიღებული ესა თუ ის დებულება?! იცოდე: ათასების ფიქრს, თუნდაც ერთნაირს, ფასი არა აქვს იმ საგანზე ან მოვლენაზე, რომლის შესახებაც აზრი გამოთქვეს. თუკი ამ მიმართულებით სვლა გადაგიწყვეტია, დამოუკიდებლად უნდა განისწავლო. ცრუმორწმუნეობა უდიდესი ცოდვაა, ბორკილია. შენ ამ ხუნდის დამსხვრევა გევალება. შენი აზრი გარეშეთა შესახებ უნდა იყოს ჯეროვანი. გულში არ გაივლო მათზე სააუგო და ნუ გეგონება, რომ ისინი დღენიადაგ შენზე ფიქრობენ. ვთქვათ შეუგრაცხგყო ვინმემ სიტყვით ან ქცევით. დაიხსომე! არავის უნდოდა შენთვის რაიმე ევნო. ყველა სულს თავ-თავისი სადავიდარაბო აქვს, მისი ფიქრებიც იმ საურავს დასტრიალებს და თუ გაგლანძღეს, იმას როდი ნიშნავს ძულხარ ან განზრახ გატკინეს გული. შესაძლოა სხვა ამბავმა გაანაწყენა მან კი სამდურავი შენ მოგახალა. ყველა ჯურის მრისხანება უგნურებაა და შენც არ შეგფერის უმართებულოდ ფიქრი სხვაზე. როდესაც დაემოწაფები მოძღვარს (მწვრთნელი და შეგირდი ერთობილია) საშუალება გექნება საკუთარ აზრების აღმზრდელის ფიქრებთან შეჯერებისა. შეადარე შენი აზრი ოსტატისას, თუკი არ დაემთხვა – შეცვალე რადგან მასწავლებლის ფიქრები წუნდაუდებელია. ვისაც ჯერ არ შეხვედრია მოძღვარი, ამას ვერ გააკეთებენ. მაგრამ მათ შეუძლიათ შეჩერდნენ და იკითხონ ამა თუ იმ გარემოებაში რას იფიქრებდა, იტყოდა ან იქმოდა მწვრთნელი. არასოდეს თქვა, გააკეთო ან გაიაზრო ის, რასაც შენი წარმოსახვით არ ჩაიდენდა, წარმოთქვამდა ან გულში გაივლებდა აღმზრდელი. იყავ მართალმეტყველი და შეუმცდარი. თავგასულობა არ დაგმშვენდება. ნურავის განსჯი. მხოლოდ მოძღვარმა იცის მისი ფიქრი და გულნაკლებულობის მიზეზი. შესაძლოა შესაბამისად კიდეც მოქმედებდეს. გაჭორეს ვინმე?-მოისმინე, გამეიორება კი არ იკადრო. ვინძლო დანაყბედია, მოჩმახულია?! საფუძვლიანიც რომ იყოს - დუმილი ამჯობინე. საზოგადოებას თავი გამორჩეულად არ მოაჩვენო. როგორიც ხარ ისეთი წარსდექი მათ წინაშე რადგან გარდასახვა, თავის სხვად მოჩვენება წინ დაგიხვდება, შეგაფერხებს და ვერ იხილავ ალალმართლობის ნათელს რომლის გამტარიც იმგვარადვე უნდა იყო, როგორც მზის სხივს გაატარებს გამჭვირვალე, კრიალა მინა. ერთურთისაგან განასხვავე სიამაყე და უანგარობა. პირველი მრავალსახოვანია. გეგონება დაამარცხე ერთი იმ სახეთაგანი და თავდაპირველი ძალით აღდგება მეორეში. მაგრამ შენ ისე აღივსები სხვათა შეწევნის სურვილით, რომ დრო არარ დაგრჩება პირადისათვის. ერთიც გევალება: შეიცან ღმერთი თითოეულ ადამიანსა და ყველა მოვლენაში როგორი გონნაკლულიც არ უნდა გეჩვენოს ისინი. დაეხმარები მოყვასს ვინაიდან რაღაც გაქვთ ზიარი და ეს საერთო არის ღვთიური საწყისი; ეცადე აღაგზნო მასში იგი, ისწავლე გააღვიძო მოძმეში იგი – ამგვარად იხსნი შენს მეგობარს ბოროტისაგან. სიმშვიდე
უმრავლესისათვის სიმშვიდე ძნელად მოსაპოვებელი რანგია. ვიეთნთ ჰგონიათ რომ ადამიანი თავადაა სურვილი და თუ წაართვი ეს ერთურთისაგან განმასხვავებელი ნიშანი, მტერ-მოყვრული, ავხორცულ-გულგრილი ურთიერთდამოკიდებულება და ა.შ. ფიქრობენ `მე~-ს დაკარგავენ. მაგრამ ასე მსჯელობენ ისინი, ვისაც ჯერ არ უპოვნია მოძღვარი. მწვრთნელის სიწმინდის ნათელმოსილ საკრებულოში კვდება და უკვალოდ ქრება ყველა ჟინი გარდა ერთისა-გამოგიყენოს. ვიდრე შეყრიხარ მასწავლებელს (რაღა თქმა უნდა თუკი მოინდომებ) ღირსება სიმშვიდის მოხვეჭას შეძლებ. გულისხმიერებაში გაწაფვამ გასწავლა, რისთვისაც იღწვის კაცთა უმეტესობა: სიმდიდრე, ძალაუფლება – ფუჭი ყოფილა. ხოლო როცა არა მხოლოდ ქადაგებ – გრძნობ კიდეც ამ ყველაფერს – ქრება ყოველგვარი ნდომა ოქროს ზოდებისა და მბრძანებლობისა. ყველაფერი მარტივად არი. მიხვდე უნდა. ზოგიერთი კეთილდღეობას იმიტომ უარობს რომ ციური ნეტარება მოიპოვოს და თავი გარდასახვისაგან იხსნას. არ მოტყუვდე! თუკი ერთობილი ხარ, „მე“-ს დაივიწყებ და ვეღარ იფიქრებ, ის „მე“ როდის გააზატდება ან რაგვარ ნებივრობით დაჯილდოვდება. გაგონდებოდეს! მზვაობრობა შემბოჭველია რაოდენ ზეციურ მიზანს არ უნდა ისახავდეს და ვინცობაა არ გათავისუფლდები მისგან, შებორკილი ვერ შეერთვი განზრახვას აღმზრდელისა. ვთქვათ და გაქრა გულისთქმანი. ერთი გულვა უსათუოდ დარჩება - –ნდომა შენი ღვაწლის ნაყოფის ხილვისა. როდესაც შეეწევი ვინმეს, გინდა შეასწრო თვალი თუ რაოდენ გადააფარე მოწყალების კალთა და მიხვდა რომ მისთვის გაისარჯე? იმასაც იფიქრებ,-უნდა დამიფასონ ამაგიო! ესეც ხომ სურვილია და ზადიც შენი რწმენისა. როდესაც სხვის დასახმარებლად ხარჯავ ენერგიას, უნაყოფოდ როდი ირჯები! რომც ვერ ხედავდე, უკეთუ კანონი იცი, ისიც გეცოდინება რომ შედეგი გარდაუვალია. სიკეთე ნაკეთილარისთვის და არამც და არამც ანგარებისათვის. ღვაწლი გარჯისათვის! – იმიტომ კი არა, რომ ქმნილების მზერით დატკბე. ფსიქიურ უნარის მოპოვებას ნაადრევად ნუ შეეცდები. თვითონ მოვა. საკმარისია მოძღვარმა დაინახოს, რომ შენთვის მისი შეძენა სასარგებლო იქნება. ნაჩქარევად, ხელოვნურად გამოწვეული ნიჭი რიგ გამწვავებათა დასაწყისი იშვიათად როდი ყოფილა. ბევრი შეუდგა ეშმაკეულ გულდაჯერებას, სწამდათ რომ არ ცდებოდნენ. ზემოთქმულ შნოს მოსაპოვებლად დახარჯული დრო და ენერგია უმჯობესია სხვაგან გაასაქმისო. ძალები თვითონ მოვა ზრდასა და აღმავლობასთან ერთად. წარმოუდგენელია არ მოვიდეს. და თუ ოსტატი ჩათვლის, რომ შენთვის სასარგებლოა მათი ნაადრევი შეძენა, გასწავლის, როგორ განავითარო იგი, განავითარო ფრთხილად, უვნებლად. საყოველთაოა ასევე რამდენიმე მოგუნებება. მათგანაც უნდა გათავისუფლდე. არ დატკბე საკუთარ ბრწყინვალებით და გარშემომყოფთ გონიერად თავს ნუ მოაჩვენებ. ვიდრე დარწმუნდები რომ შენი სიტყვა – პასუხი სამი რანგითაა შემკული: სიმართლით, მადლით და სარგებლიანობით -–დუმილი ამჯობინე. აქედანვე შეეჩვიე გულმოდგინე ფიქრს რადგან იმ დღიდან, როცა გაკურთხებენ, პასუხს აგებ შენს მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაზე. მრავალსიტყვაობა ფუჭია, ქიშპი სისულელეა. შეეგუე უფრო მოსმენას. აზრი მაშინ გამოთქვი, როცა გკითხავენ. ძვირსიტყვაობის როგორც რანგის ერთ ერთი განმარტება ასეთია: იცოდე, ბედავდე, გეწადოს და დუმდე. ოთხიდან უკანასკნელი ურთულესია. ჩევენი ყოფისათვის თანდაყოლილი კიდევ ერტი პატარა სურვილიც უნდა დაამარცხო -– ნდომა სხვათა საქმეებში ცხვირის ჩაყოფისა. რა გეკითხება ვინ რას აკეთებს, ამბობს ან ფიქრობს. არავინ შეზღუდო რადგან იგი უფლებამოსილია საკუთარ აზრზე, სიტყვაზე, მოქმედებაზე მანამ, ვიდრე ვინმეს ავნებს. თავად ხომ ითხოვდი თავისუფლებას და მოგენიჭა. უბოძე სხვასაც ხოლო როცა ვიეთნი თავისთავადობენ – გეკრძალება განიკითხო. ვთქვათ ვინმე გაუჩორკნავმა იუხეშა. დაიმარტოვე და თავაზიანად ჰკითხე მიზეზი მისი უკმეხობისა. იქნებ გადაარწმუნო კიდეც, თუმცა ეს ხშირად მეტიჩრობად ჩაგეთვლება, სხვისი განკითხვა კი მესამის თანდასწრებით – სიბრიყვედ. პასუხი მოსთხოვე თუკი სასტიკად მოეპყრნენ ბავშვს ან ცხოველს. ვინცობაა ვინმეს მეურვეობა დაგევალა, უფლებასაც მოგცემენ მისთვის ამა თუ იმ ნაკლზე თავაზიან მითითებისა. თვინიერ ზემოთქმულისა შენი საქმე საფუძვლიანად იცოდე და ისწავლე დუმილის მადლი.
მიუკერძოებლობა
მოძღვარი ზნის ექვს მართებულობას განმარტავს. მათი დაცვა აუცილებელია.1. მბრძანებლობა გონებაზე.2. ბატონობა ქცევაზე.3. მოთმინება.4. მხნეობა.5. მისწრაფებათა ერთობლიობა.6. რწმენა.
(ზოგიერთ მათგანის სახელდებასა და განმარტებას შორის მცირე სხვაობაა. ვუწოდებ რასაც ჩემი მწვრთნელი არქმევდა და გავაშუქებ ისე, როგორც იგი განმიმარტავდა). მბრძანებლობა გონზე: ცნება სიმშვიდე გვასწავლის, უნდა მოთვინიერდეს როგორც ასტრალური, აგრეთვე მენთალური სხეული. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლო ხასიათის მართვა და გათავისუფლება სულსწრაფობისა და მრისხანებისაგან. გონებაზე ბატონობისას ფიქრი მშვიდი და მოსვენებულია. იგი გაივლის ჯერ აზრს, მერე ძარღვებს. მშვიდი ნერვიული ქსელი უნდა გქონდეს. –ეს ადვილი საქმე როდია. რადგან როცა სხეულისა და სულის ხედნას იწყებ, ორგანიზმი მგრძნობიარდება ხოლო ძარღვებს ბგერები ადვილად აღიზიანებს, თრთის და იძაგრება. ძალების შესაბამისად ეცადე; დადინჯებული გონება სიმამაცეცაა. ძნელბედობებს თუ გამოცდებს წარბშეუხრელად დაგაძლევინებს. გაგამტკიცებს, გაგიიოლებს შეჭირვებას, სევდასა და ნაღველს, წეუთისოფელი რომ შეგახვედრებს ცხოვრების გზაზე. მაგრამ ნუ მიიტან გულთან წვრილმანებს, ისინი ბევრ დროს ართმევენ ადამიანს. მოძღვარი ამბობს: ხალხი სენით, სამდურავით, დანაკარგზე დარდითაა გარემოცული და ეს ყველაფერი ნურც იარსებებს შენთვის. მათ ვერ უნდა დაგირღვიონ გონების სიმყუდროვე. ფხიზლად და მხნედ დაუხვდი როდესაც გესტუმრებიან, ნაყოფთ შენი უწინდელი ცხოვრებისა. ყველა ჯურის მრისხანება წარმავალია. ვალდებული ხარ ნათელ გონებით აღჭურვილი ყოველთვის ხალისიანობდე, მოზეიმე იყო რადგან ის ამქვეყნიური ამაოებანი წარსულის კუთვნილებაა და არა აწმყოსი. განვლილს ვერ შეცვლი, შესაბამისად ურგებია მასზე წუხილი, იფიქრე თუ რას მოიმოქმედეებ ახლა ვინაიდან სადღეისოზე ფიქრი მერმინდელი ცხოვრების მოვლენებს განაპირობებს. ძალგიძს შეცვალო იგი. დე არ მოგიცვას კაეშანმა – ბრიყვულმა და გადამდებმა გრძნობამ, სხვასაც შეჰყრი და ამის უფლება კინ არ გაქვს. მოიშორე უმალ, რაჟამს გესტუმრება. გაბატონდი საკუთარ აზრებზე კიდევ ერთი მოსაზრებით: არ გაიფანტოს ფიქრი. აზრი საქმისაკენ სრულად მიმართე და რასაც წარმოშობ, იქნება წუნდაუდებელი. არ მისცე ტვინს უფლება უმოქმედობის. არ გააზარმაცო. ეცადე დაბადოს ვარგისი ოცნება, გამოსვლისათვის მზადმყოფი რაჟამს გათავისუფლდება. ყოველდღიურ კეთილქმედებისათვის შენი აზროვნების უნარი გამოიყენე. ევოლუციის მხარში ამომდგომ ძალად იქეც. განუწყვეტლივ ფიქრმორეულმა იმათზე ვინც დარდობს, იტანჯება და შველას ითხოვს. საკუთარ გულს ელაპარაკე და მოჰფინე მოსიყვარულე აზრები. გონება რომ არ გაგიგოროზდეს – მოთოკე. მზვაობრობას სიბეცე წარმოშობს. უმეცარს ჰგონია, დიადი საქმენი აკეთა და თავადაც გადიადდება, ბრძენმა კი იცის, დიდებული მხოლოდ ღმერთია და მისგანაა ყველა სიკეთე.2. ბატონობა ყოფაქცევაზე: თუკი აზრს ჯეროვნად მიმართავ, ზნე ვით დაგაბრკოლებს, მაგრამ გახსოვდეს, კაცობრიობას ვერაფრით არგებ თუ ფიქრი არ გააბეჯითე. ნუ დაიზარებ, მუხლჩაუხრელად იკეთილქმედე. იცოდე! შენ არა მხოლოდ სხვისი, საკუთარ მოვალეობათა შესრულებაც გევალება. თუკი ვინმემ დახმარება გთხოვა – შეეშველე. ყოველდროს მზად იყავი შესაწევნად თუმცა არ იქედმაღლო და თითოეულს მიეცი საშუალება აკეთოს თავისი საქმე ისე როგორც მოეპრიანება.3. მოთმინება: იყავ სავსებით მომთმენი. გულწრფელად დაინტერესდი სხვა რელიგიების მიმდევართა რწმენით ისევე როგორც საკუთარ მრწამსით. მათი იმედნეულებაც ხომ გზაა უზენაესისაკენ. თუ გინდა დაეხმარო – უნდა გაუგო. სანიმუშოდ ამტანი რომ იყო, გათავისუფლდი ცრუ რწმენისა და პირმოთნეობისაგან. წესჩვეულება არსებითი როდია. არც იმათზე უპირატესი გეგონოს თავი, ვისაც ადათ - წესი უარუყვია. არ განიკითხო ხალხი რომელიც რიტუალს ჯერაც აღასრულებს. მიეც საშუალება ისე მოიქცნენ როგორც ეგუნებებათ და ნურც ისინი შეგიშლიან ხელს შენ, მცოდნეს ჭეშმარიტების. კეთილგანეწყვე ყველას მიმართ და უკლებლივ ყველა შეიყვარე. ახლა, როცა აგეხილა თვალი, შენი უწინდელი მოსაობა და ადათთა რიგი ძველმანად მოგეჩვენება. მათ ვეღარ მიუბრუნდები, აღასრულებ ან უპატრონებ თუმცა პატივისცემით კი მოეპყარი. იქ ხომ ბევრი კეთილი სული დატოვე, რომელთაც ის წეს -– ჩვეულებები ჯერ ისევ სჭირდებათ. მათ თავ - თავიანთი ადგილი აქვთ და დანიშნულება. მოგვაგონებენ ორკეც სახაზავს, რომლის დახმარებით წერას სწავლობდი, ხელი გაწაფე და განზე გადადე ბავშვობა - ორწილი სახაზავი. ერთი მოძღვარი წერდა: „როდესაც ბავშვი ვიყავ ბალღურად ვტიტინებდი, ბავშვურად ვმსჯელობდი, დავკაცდი და ეჰა, სადღაა სიყმაწვილეო“. არა! ბავშვობა როდი უნდა დაივიწყო. ვინც მიივიწყა, პატარებს ვეღარ თანაუგრძნო. ის ვერ ასწავლის და ვერც დაეხმარება მათ. კეთილმოსურნე უნდა იყო როგორც ბალღების, ასევე ხანდაზმულების მიმართ. სათანადოდ მოეპყარ, სარწმუნოებრივ შემწყნარებლობით, ყველას, ოღონდ ყველას ერთნაირად.4. მხნეობა: კარმა შენი ატარე ბეჯითად, როგორიც უნდა იყოს იგი. პატივად ჩათვალე თუკი ხშირად გსტუმრობს წუხილი და შეჭირვება. უწყოდე! –ღირსეულ მხსნელად გიცნობენ კარმის მბრძანებელ-გამნაწილებელნი. რარიგ საძნელოც არ უნდა იყოს კარმა, მადლიერი იყავ რომ უარესი არაა. დაიხსომე! ბევრით ვერაფრით შეეწევი მოძღვარს მანამ, ვიდრე შენ ბრიყვულ ხვედრს არ ძლევ და გათავისუფლდები მისგან. როცა თავს უძღვნიდი ამ გზას და ოსტატს, ხომ ითხოვდი ეს ყველაფერი დაჩქარებულიყო, ჰოდა სწორედ ამიტომ უნდა მოასწრო ერთ ან ორ ცხოვრებაში ის, რაც შესაძლოა ას ცხოვრებაზე გადანაწილდეს. დღესდღეობით კი შენი ტვირთი ზიდე მოუქანცავად და სიხარულით სავსემ. გათავისუფლდი ყოველგვარ მესაკუთრულ ვნებისაგან. კარმას შეუძლია წაგართვას ყველაფერი. შენთვის ყველაზე ძვირფასიც კი. ხალხიც თავზე მეტად რომ შეგყვარებია. აქაც მხნეობა გმართებს. იყავ მზად და გამოეთხოვე ყველას და ყველაფერს. საკუთარ ძალების სხვებზე გასაფენ მედიუმად ხშირად დასჭირდები მასწავლებელს. მოდუნებული ვერ გაუწევ სამსახურს აღმზრდელს. ცხოვრების ნორმად იქციე მხნეობა.5. მისწრაფებათა ერთობლიობა: შენი მაღალი და უმთავრესი მიზანია - გაუტოლდე მოძღვარს. ამ გზით მავალს წინ ვერ აღგიდგება, ხელს ვერ შეგიშლის ვერარა სხვა საქმე. ისინი არც იარსებებს რამეთუ ყველა სასიკეთო და სახარბიელო წამოწყება ოსტატს ეკუთვნის. აკეთე იგი მისთვის. ყველა სადაგ დღეს მთელი ყურადრების მოკრება, სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება გევალება, რადგან რასაც შეასრულებ, იყოს ძვირუხსენებელი. ზემოთ რომ გავიხსენე იგივ მოძღვარი წერდა: `რასაც უნდა იქმოდე, გული ჩადე მასში, აკეთე მთელი შენი არსებით, ისე როგორც ღმერთისთვის გააკეთებდი და არა ხალხისთვის. წარმოიდგინე, აგერ ახლა ხოჯა კარს შემოაღებს და შენ ნამუშაკევს შეათვალიერებსო~ მიზანსწრაფულობა კიდევ ისაა რომ არჩეულ გზიდან ვერა ძალა ვერ გადაგახვევინებს. ვინაიდან ამსოფლიურ საცთურთათვის შენი ცდუნება ძნელია. ისინი ვერ გაგანაპირებენ არჩეულ გზიდან. შენ რომ შეერწყი გზას, ეს თელილი შენი არსების ნაწილად ქცეულა, სული შენი გზაა თავად და მასზე ხელის აღება ნიშნავს საკუთარი თავი გაწირო.6. რწმენა: გწამდეს მოძღვარის, გჯეროდეს შენი თავის. ვინცობაა მოგეცა საშუალება ოსტატის ხილვისა, ცოცხალი და მკვდარი იქნები მისი თავდადებული მსახური ხოლო თუკი ჯერ არ შეხვედრიხარ მას, შეეცადე წარმოისახო, ერწმუნო, სხვაგვარად ისიც ვერ დაგეხმარება. იქ, სადაც სრული ნდობა არაა, აღარ ხერხდება ენერგიის და სიყვარულის უკლისად გადმოღვრა. უნდა იყო დარწმუნებული. ამბობ რომ ზედმიწევნით კარგად იცნობ საკუთარ თავს. მაგრამ ვფიქრობ, - ჯერ მხოლოდ მისი მცირე ნაწილია შენთვის საცნაური, არაერთხელ რომ ჩაფლულა ბლანტში. იწამე! შენ ჭეშმარიტი „შენ“ ხარ ნაბერწკალი დამბადებლის ცეცხლისა, ადგილსამყოფელი ყოვლის ძალმდები ღვთისა. ძალგიძს მოქმედება და თუკი მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. თავს შეუძახე: „ რაკი შეძლო ერთმა,–თავს სხვაც გაართმევს“ ფოლადივით გაწვართე ნება, მხოლოდ ასეთი ძალითაა შესაძლებელი იმ გზით სიარული, შენ რომ დაისახე მიზნად.
სიყვარული
ეს რანგი ყველაზე აღმატებულია და თუკი უყვარს ადამიანს, იძულებული ხდება ზემოთქმული ღირსებები მოიპოვოს. ისინი ხომ უსიყვარულოდ საკმარისი ვერ იქნებოდა. სიყვარული ხშირად დაბადება-გარდაცვალებათა ციკლიდან თავის დახსნის ძლიერ სურვილად განიხილება. მაგრამ ვფიქრობ ასეთი გაგება ანგარებიანია, სიყვარულის განსაზღვრის მხოლოდ ნაწილის გამომხატველი. ეს გრძნობა სურვილი კი არა, უფრო ნებაა, განჩინება–- გულის თქმა ნაყოფიერებისა. სიყვარულია და თუკი მიზნად დაისახე უზენაესთან შერწყმა – აღივსე უანგარობითა და ტრფობით. საზოგადოდ ეს ნიშნავს ორ რამეს: პირველ ყოვლისა შეეცადე არ ავნო ცოცხალ არსებას; ყოველწამს უნდა ფხიზლობდე, ყველა შესაძლებლობა გამოიყენე სხვათა საშველად თუ დასახმარებლად. პირველი ნუ ატკენ. ჭორი, სისასტიკე და ცრუმორწმუნეობა - აი სამი მიუტევებელი ცოდვა, ყველაზე მეტ სიავისა და ბოროტების წარმომშობელი. სწორედ ეს სამი დანაშაული უპირისპირდება სიყვარულს. თუკი გინდა გული ღმერთის სიყვარულის თასად აქციო, ამ სამი ცოდვისგან განთავისუფლდი. დაუდარაჯდი როგორ იბადება ჭორი. თავდაპირველად ჩნდება ბრიყვული აზრი ადამიანზე. ეს უკვე დანაშაულია, ვინაიდან ყველგან და ყველაფერში კარგიცაა და ცუდიც. თვით დანაყბედი კი, რომლის სათავე ვინმეზე ან რამეზე გამოთქმული აზრია, სხვა არა არის რა თუ არ ცდა ამა თუ იმ გამონაგონის გამკვრივებისა. ასე რომ ჩვენ ან ვთანამშრომლობთ ევოლუციასთან, ან ვაფერხებთ მას. სხვათა ნაკლოვანებებზე მიყურადებული სამგზის ბრიყვი ხარ: 1. ქვეყნიერებას აბდაუბდა აზრებით ანაგვიანებ და აკვანს ურწევ მსოფლიო ჭმუნვას. 2. თუკი მართლაც გულპილწია ვინმე, შენ უფრო კვებავ და ამაგრებ მასში ბოროტეულს. ეს ხომ მისთვის უარესია მაგრამ იქნებ არაა ის ადამიანი ავკაცი და შენ ის ასეთად წარმოიდგინე. ვაი თუ შენმა მისდამი ამგვარმა დამოკიდებულებამ აცდუნოს და გააბოროტოს. იგი ხომ ჯერ სრულყოფილი ვერაა ხოლო შენ ძალგიძს გახადო ისეთი, როგორიც წარმოიდგინე. 3. საკუთარ გონებას გვარიანი აზრების ნაცვლად უხეიროს აწვდი და შენსავე გაძლიერებას ეწინააღმდეგები. თავს გაუმჟღავნებ, გააცინებ იმათ, ვინც მოვლენების მხოლოდ ჩრდილოვან მხარეების დანახვაში დახელოვნებულან, შენ კი მშვენიერი და ნათელი წახნაგი უნდა უჩვენო. კმაყოფილმა მით, ჭორმა გაჭრაო, ავნო თავის თავს და ატკინა მსხვერპლს. მერე ცდილობს სხვებიც ჩაითრიოს ამ დანაშაულში. ეშურება გარეშეთაც უამბოს თავისი ბოროტი ზღაპარი, იმედნეულია დაუჯერებენ. შემდეგ ერთად გადმოღვრიან სულელურ აზრებს უმწეო ტანჯულზე. ასე გასტანს დღიდან დღემდე და ამ ღვთისგარეგან შინაარსის პიესაში ათასები იმიმოსებენ. ხვდები თუ რარიგ მდაბიო და შემაძრწუნებელია ეს დანაშაული? მთელი არსებით განერიდე მას. თუკი შენი თანდასწრებით ენა აჭარტალეს, არ მოისმინო. უთხარი: შესაძლოა ეს მართალიც იყოს მაგრამ აჯობებს ამაზე არ ვილაპარაკოთ-თქო. რამდენიმე სიტყვა სისასტიკეზე. იგი ორსახოვანია:გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი. პირველის მიზანი ვინმეს დადარდიანებაა. ეს ცოდვიანი საქმე ეშმაკეული უფროა ვიდრე ადამიანური. მომაძახებ: არცერთ კაცს არ შეუძლია ამის ქმნაო, მაგრამ ადამიანები ხშირად იქცეოდნენ ასე და ახლაც ამგვარად მოქმედებენ. ამას აკეთებდნენ ინკვიზიტორები. მრავალ მორწმუნეს ჩაუდენია ეს რელიგიის სახელით. ცდას არ აკლებენ ვივისექტორები. სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობისთვის ეს ჩვეულებრივი რამეა. ისინი თავიანთი სისასტიკის გამართლებას ცდილობენ თუმცა დანაშაული დანაშაულად რჩება და არსებობას განაგრძობს, რადგან მრავლისთვის იგი წესჩვეულებად იქცა. კარმას პირის ქირად არ ჰყოფნის წეს-ჩვეულებები; სიტლანქის კარმა ყველაზე საშინელია სხვა კარმებს შორის. ინდოეთში მინამსგავსი წეს-ჩვეულებები ვერ იარსებებს. ინდონი კარგად უწყიან რომ ამ ქვეყნად თვინიერად იშვენ. რომ მკაცრი ხვედრი ყველასი, რაგინდარა მოუხეშავის სტუმარია, ვინც გააზრებულად აღმართავს ხელს ხვთის ქმნილების მოსასპობად და ამ ბნელ საქმეს აზარტს უწოდებს. მაგრამ შენ დამბადებლის მოყვარული ხარ და მსგავს სიგონჯეს არათუ ჩაიდენ, ამხელ და წინააღუდგები როგორც კი ამის საშუალება მოგეცემა. და ერთიც: ვირობა არა მხოლოდ ქმედებაში, სიტყვაშიც სახლობს. გესლიანი ადამიანი ბრალეულია ამგვარ დანაშაულში. დაუფიქრებლად წარმოშობილი ისევე ანადგურებს კაცს, როგორც ბოროტგანზრახული სიტყვა. სისასტიკეს ერიდე! ბორგნეულობა გაუაზრებლობის შედეგია. ვიეთნი ხარბნი, ძუნწნი, გაუმაძღარნი არიან. წამითაც არ დაფიქრდებიან სხვებს როგორ გესლავენ. ხან გროშებს უხდიან ხელქვეითთ ანდა აშიმშილებენ საკუთარ ცოლ - შვილს... მეორენი ვნებებს აყოლილნი, მოწადინებულნი –თავი დააღწიონ კაეშანს, წამიერად რომ ეწვევათ ხოლმე, მრავალ სულსა და სხეულს ღუპავენ. ვიღაც დროულად ჯამაგირს არ უხდის დაქირავებულებს. რამდენი გული ტკენილა ამ და სხვა ჯურის დაუდევრობით. ეს ყოველივე კი იმის შენაჯამია, რომ მალ-მალე ავიწყდებათ როგორ იმოქმედებს მათი საქციელი სხვებზე. უყურისძირავებენ თუმცა კარმა როდი ივიწყებს მათ. და თუკი ამ გზით ცხოვრება გადაგიწყვეტია, იმ შედეგებზეც უნდა იფიქრო შენი საქციელი რომ გამოიწვევს. არ დაგადანაშაულონ გაუაზრებელ სისასტიკისათვის. მესამე დიდი უკეთურება ცრურწმენაა. რამდენ უწყალობისა და საზარლობის მშობელია. ცრუმოწამეს სძულს მასზე გონიერი სხვა ადამიანი და აიძულებს მაგალითი მისგან აიღოს. ცრუტუნამორწმუნეობის შედეგია ის ვეება სასაკლაო, სადაც ღმერთს მსხვერპლად ცხოველებს სწირავენ და კიდევ აზრი უმეტესობისა, რომ ადამიანისთვის უმჯობესი საკვები ხორცია -– ესეც ცრურწმენის შედეგი გახლავს. გაიხსენე ინდოეთის მჩაგვრელი კლასები როგორ ეპყრობოდნენ ჩაგრულთ – და ესეც ხომ რაღა თქმა უნდა ამ ბოროტეულობისაა. ნახავ როგორ უგულოდ ექცევიან ერთმანეთს ისინიც კი, ვინც ფასი იცის ძმობისა და მეგობრობისა. ვინ მოთვლის რამდენი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობამ სიყვარულის ღმერთის სახელით. იგუშაგე რომ ამ სენის ნაკვალევიც არ დარჩეს შენში. ზემოგანხილულ სამ ცოდვას განერიდე. ისინი აფერხებენ წინსვლას, მომავალში კი თვით სიყვარულსაც გადაეღობებიან. იყავ კეთილისმქმედი და შეწევნის სიყვარულით აღივსე ისე, რომ მხარი მისცე ყველას და ყველაფერს რითაც გარემოცულხარ – არა მხოლოდ ადამიანს – ცხოველს, ფრინველს, მცენარეს, თვით წვრილმანებსაც რათა ჩამოგიყალიბდეს ჩვევა და ცხოვრების წესად გექცეს. არ გაუშვა ხელიდან იშვიათი შემთხვევაც კი, როცა საშუალება მოგეცემა, აკეთო ეს დიდებული საქმე, საქმე მაღალი ზნეობისა. შენ ხომ უზენაესთან შერწყმა იმიტომ გწადია რომ ხიდად იქცე და შენი მეშვეობით მისი სათნოება შენს ახლობლებზე გადმოირვაროს. ამ გზით მავალი ცხოვრობს არა საკუთარი თავისათვის, არამედ სხვებისთვის. ან დაივიწყა თავი და ემსახურება მათ. იგი უფლის ხელში არსებული ფუნჯია. მის მეშვეობით გადმოირვრება და მკვიდრდება ქვეყნად უზენაესის ფიქრი. ეს ცოცხალი, ცეცხლოვანი ყალამი მსოფლიოს ღვთაებრივ სიყვარულით ასხივებს. მით სავსეა წუთისოფლის გული. სიბრძნე გვთავაზობს მაშველ ძალას, ნება - წარმართავს სიბრძნეს, სიყვარული-აღაფრენს ნებას - აი შენი რანგები. სიბრძნე, ნება და სიყვარული-ეს სამება ლოგოსის დედაარსია და თქვენც, სამყაროს წესრიგისა და ჰარმონიის ჯარისკაცობის მსურველნო, გამოამჟღავნეთ აღნიშნული თვისებები, მოჰფინეთ ისინი მსოფლიოს. თარგმნა ნოდარ შანიძემ 1982 წელი. დედაქალაქი.

Комментариев нет:

Отправить комментарий