пятница, 2 ноября 2012 г.


              კუხო (ვახტანგ კუხიანიძის გახსენება)


ისაა უშიშარი, ვინაც გადაწყვიტა მოკვდეს!“
                               ჰორაციუსი
ბედნიერია, ვინაც სიხარულით გავიდა ამ ქვეყნიდან, რადგან იპოვა საბუთი თვითმკვლელობისა.“
                                                                                  ციცერონი

            გვეუბნებიან: სულში ყველაზე მეტი ალაგი უჭირავს მოგონებასო. ჩემი დარდების გადამკიდეს, გოგა შხვაცბაიასთან შეხვედრამ ნუცუბიძის ქუჩაზე, მაიძულა, მომეგონებინა ერთი რამ ჩემი წარსულიდან, დიდი ხნის წინ რომ დამვიწყებოდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამ შეიცვალა.
ამჯერად ვახტანგ კუხიანიძეა ჩემი შუბლშეკრული თხზულების გმირი.
ვისაც არ უნდა სტუმრებოდა, თითქოს დარცხვენით თავდახრილი დგებოდა კართან. უღებდა კარს მასპინძელი და უთუოდ ამ სიტყვებით იპატიჟებდა შინ: მოდი კუხო, მოდი!
საკმაოდ მონოლითური ფიგურაა ქართულ მუსიკის ისტორიაში.
მისი თხზულებები ერთი დიდი აღმონაკვნესია! მუსიკა დაწერილი  ქართული ფილმისათვის: „ფიროსმანი“ და „არასერიოზული კაცი“  კომპოზიტორის საპროგრამო თხზულებებია.
არაფერს არ უთმობს სხვა კომპოზიტორებს. მხატვრის ძლიერი ნიჭი გამოაჩინა. საუკეთესო ესტეტიკური კანონებით შექმნა მელოდიები. ტურფა, ლმობიერი, წყნარი და მშვიდია მისი მუსიკის სული.
მხოლოდ უნდა უსმინო. ვერაფერს შემატებ, ვერც რას გამოაკლებ.
გიგლა სარიშვილთან გავიცანი კუხო. 1980 წელი იდგა.
            მისი სახით ჩვენი დროის ერთ დიდ, ფაქიზ გულთან დავახლოვდი. რაღაც განსაკუთრებული თვისება იმალებოდა ამ ადამიანში, რომლის მსგავსიც არავის გააჩნდა. მეტად საინტერესო სახედ მოვიჩნიე და მასზე წერა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე დავიწყე.
უმწიკვლო და მიამიტი ბუნებისა, სუფრასთან მეტწილად ხმაგაკმენდილი იჯდა. მაგრამ, შევატყვე, დაბადებით თითქოს იგიც ლიტერატორი გახლდათ. მის განსჯას კვებავდა პოეტური იმპულსები, წარსულის სიღრმეებში გამუდმებული ჭვრეტის სურვილი. ასეც შეეფერებოდა მის აღნაგობას. პირველივე შეხვედრისთანავე ჩვენ თითქოს დიდი ხნის ნაცნობები და მეგობრები ვყოფილიყავით, ისე კარგად ვიგრძენით თავი ერთად.
            როცა შევჩქვიფთით, არ მოგვეშვა, შინ წაგვიყვანა, ახალი მელოდია პირველებს თქვენ უნდა მოგასმენინოთ!. იქვე, მეზობლად ცხოვრობდა.
            მის ბინაში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია შუა ოთახში წამოწყებულმა გემთმშენებლობამ. ხუთსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე, ერთოთახიან ბინაში ამას ვერც წარმოვიდგენდი. იატაკზე იდო იალქნიანი ნავის მოზრდილი ხერხემალი. იქვე ეყუდა: შპანპოუტები, ცრუბორტი, ფორშტევენი.
გავიკვირვე.
გატრუნულები ვისხედით. კუხო უკრავდა ახალ მელოდიას რომელიც აგერ ახლა შეექმნა  ფილმისთვის „არასერიოზული კაცი“, ხელის თითებს საკრავის კლავიატურაზე ოსტატურად ათამაშებდა, მარჯვენა ფეხით საბერველის პედალს აწვებოდა, ჰარმონიულ მოძრაობას ტანს აყოლებდა და ყოველ მის მიმოხვრაში თანმიმდევრული რიტმი იგრძნობოდა.
იაფფასიან, დღენაკლულ მუსიკას როდი ვუსმენდით?! სწორედ ისეთს, მარტოსულ, მეოცნებე კაცს რომ მოეფონება გულზე.
ორიოდ კვირაში ისევ შეგვკრიბა მეგობრები. ანძის აღმართვის ჯერი დადგა, მორბედი ტაკელაჟისა. ნავი მეხუთე სართულიდან თოკებით უნდა ჩამოგვეშვა და კორპუსის წინ მომცრო ბაღში დაგვედგა. თავი რის ვაივაგლახით გავართვით.
ვახტანგი იახტას აკეთებდა. მისი მეგობრები ათიოდ ნაბიჯის დაშორებით ვიდექით.
მოპირდაპირე კორპუსში ერთი ფანჯარა ყველამ შევნიშნეთ. ლოჯიის აივნის კუთხეში, მაგიდასთან, თოვლივით თმაშეთეთრებული, ხანდაზმული, მაჯაგანი დიაცი იჯდა. მაგიდაზე იდაყვები დაეყრდნო, ცხვირზე სათვალე წამოესკუპებინა და გაზეთს კითხულობდა. წუთიც და ლოჯიაში ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. მოხუცთან მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა. შემდეგ ფანჯარას მოუახლოვდა. ვიგუმანე, იქ მხოლოდ დედაშვილი ცხოვრობდნენ. ხანდაზმულმა ბაღში შეკრებილთ გადმოგვხედა, რატომღაც მარტო მე მივესალმე მოკრძალებით.
ახალგაზრდა გოგო ფანჯარასთან ზურგშექცევით შეჩერდა, ოთახში შებრუნდა და თვალს მიეფარა.
მალე ისევ გამოჩნდა, მაგრამ, ახლა უკვე სადარბაზოდან გამოვიდა. ფეხმოსინჯვით გვიახლოვდებოდა. ისე მოაბიჯებდა, თითქოს საკუთარ ნაბიჯებს ითვლისო. მოვიდა და ვახტანგის პირისპირ დადგა. სახეგაბრწყინებული მეგობარი რაღაც მნიშვნელოვანს გვამცნობდა.
            მოკლედ შეჭრილი შავი თმა ჰქონდა ალის. ბრინჯაოსფერი სახე, ახალგაზრდა, კარგი შესახედავი, წაბლისფერი, თვალები. მრგვალი თავი მოხდენილად ედგა ოდნავ მაღლა აწეულ მხრებზე. თმებჩამოშლილს მუქი მაისური და ქვედაბოლო ეცვა. სისადავისადმი მიდრეკილება ამშვენებდა.
გააბეს საუბარი. ლაპარაკობდნენ სიტყვების შერჩევით, ნელა დადიოდნენ. პირველი სიტყვები იმ ბაღში უთხრეს ერთმანეთს. იმ ეზო - მტილის ყოველი ბუჩქი გაიცვნეს. სულხო თითქოს საქმიანი სახითაც ათვალიერებდა ბაღნარს. დასეირნობდნენ. ხან წალკოტში გაკეთებულ სკამზე ჩამოსხდებოდნენ, ხან იახტის კიდეზე.
ასე ეწვია მას სიყვარული.
რამდენიმე დღეში ვახტანგმა შინ მიმიპატიჟა, ალი უნდა გაგაცნოო. შავი ღვინით გამიმასპინძლდნენ.
მრგვალ მაგიდასთან ვისხედით. იგი მიამბობდა ჩემთვის მეტისმეტად საჭიროსა და საყურადღებოს, წყალქვეშა ნადირობას მასწავლიდა.
ფარფლფეხები (ласты) ჯერ უნდა დაასველო, ფეხიც დაისველო და ისე ჩაიცვა. მძიმე ქამარი დაგჭირდება, ბრაგაზე (рыф) რომ დაგაწვინოს.
            საკმარისია ერთი წუთიც. ეს დიდი დროა. თევზი აუცილებლად გამოჩნდება.
მილში გაქვს ცოტა ჰაერი და თუ გაგიჭირდა ლოდინი, ის ჰაერი გაგიხანგრძლივებს.
ხანდახან ფიქრიანად გახედავდა სივრცეს, თითქოს შორით მხოლოდ მისთვის ხილულ სამიზნეს ჭვრეტსო.
ზომავდა და მკაფიოდ აგრძელებდა.
როცა ესვრი და მოარტყამ, არ ამოყვინთო, თევზი ლაყუჩებით დაიჭირე და ისე ამოიყვანე თორემ დაკარგავ, ისარს არ გამოჰყვება.
მაგონდება კიდევ, რომ ლაპარაკობდა ნელა, დაფიქრებულად, მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს ხშირ - ხშირად დასჩერებოდა.
            მზით სავსე ოთახში კარგა ხანს გაგრძელდა ბაასი.  
მე იქ ყველა ნივთს ვიცნობდი.
ვერ ნახავდი მის ბინაში სასალუქოდ სახმარ საგნებს, ცხოვრებას რომ გვიმკობენ და გვიმსუბუქებენ.
გვერდიგვერდ ისხდნენ ალი და ვახტანგი. ხანდახან ქალი კაცისკენ გადაიხრებოდა და ასეთ დროს ვახტანგის სახე დალის თმის ტევრში იმალებოდა.
            ურთიერთობისთვის რაღაც უცნაური, არამიწიერი ფერი მიეცათ.
            მე კი, იქ, სადაც დიდებულ გრძნობის არსებითი მხარეები შევამჩნიე, მათ თვალებში მაშინ გრძელი ამბავი ამოვიკითხე, სევდიანი და წრფელი კვნესაც გავიგონე.
            ლამის უკანასკნელ ხანის აღწერას ვაპირებ ჩვენი შემოქმედების ისტორიულ ცხოვრებისა, როცა ქვეყანა აირია. ამ ხელოვან ხალხზე დრომ თითქოს ერთსულოვანი იერიში მიიტანა. მაინც რა სიომ დაჰბერა?
თითქოს ხელახლა მეწვია გრძნობა, რომ, რაც ჩემს გარშემო მაშინ ხდებოდა, უნდა დავწერო, უნდა აღვწერო, თითქოს მაქვს ყველაფერის ნება და უფლება.
იმ წლებში, მეხსიერებაში ბევრი ნატიფი სულის ჩივილი დაგროვდა.
დრო მოდიოდა, ცუდი, ავი ჟამი მოდიოდა. ქართველ ინტელიგენტთა გუნდი მალე კლებას დაიწყებდა. მაღალ საგნებზე ვლაპარაკობდით ჯერხნობით.
გვეუბნებიან: სულში ყველაზე მეტი ალაგი უჭირავს მოგონებასო.
მახსენდება, ავდიოდით ხოლმე მუხაწყაროში, გიგლას თავის მწარე სიცოცხლეში რომ ეღირსა. ეს იყო სახარბიელო ბედნიერება მისთვის და ყველას გვიწილადა.
იქაურობა საუკეთესო ედემად მიგვაჩნდა.
რამდენი უბრალოება იყო ირგვლივ. ნასოფლარ თხინვალას გარშემო ტყეა ჭრელი, იქ ფერად ფარჩას მოუეფენია მიწა, ალაგ - ალაგ ლოფორთქინის სისხლით ნაღები. აქა - იქ ამაღლებულან პატარა გორაკები. ფერდობს აყოლებულია ძეძვის ბუჩქები. ერთ - ერთ მათგანში გველს ტყავი გამოეცვალა.
გვიყვარდა იქაური სიწყნარე. მიწაზე გაწოლილი ხეთა ჩრდილები ირხეოდა. ფიჭვის ჩქოლებს თვალს ვადევნებდით. წითლად ღუოდნენ გიშრისთვალა ყაყაჩოები. მომცრო ტაფობი, სადაც ოდესღაც სოფელი ყოფილა, ტყეს ამოუვსია, ნასოფლარი ტყეშია ჩაკარგული.
ტაფობს მთა მოსდგომია და იმ მთაზეც გაუვალი ტყეა. ტყეში მრავლადაა პანტა და მას ადგილობრივები დათვიბაბას ეძახიან. ურთხმელიც და იფანიც ბევრია. დუმდა ტყე, მხოლოდ ჩიტები წივწივებდნენ.
ჩვენს თვალში უსულო საგნებიც ცოცხლდებოდნენ.
საუკუნის უწინ აქ მობინადრე ხალხის მკრთალ სილუეტებსაც ვხედავდით. თითქოს დიდი ხნის წინათ დარხეული ხმების სუსტი ექო ჩაგვესმოდა და გვინდებოდა წარმოგვედგინა თუ როგორ ჩქეფდა ამ ნასოფლარში ცხოვრება. ოდესღაც სახლობდნენ ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ წასულიყვნენ აქედან. ტბის ღელვა და ბუტბუტი აწ ნასოფლარის მკვიდრთ ესმოდათ. ერდოებში ღამის მნათობის სხივები წვერავდა. ენთო კოცონი, გიზგიზებდა ბუხარი, შუშხუნ - ტკაცუნით იწვოდა კვარი. ცეცხლთან ჩაფიქრებულიყვნენ ადამიანები. ზურგის ჭრილობა არ იციან, ასე გვისახელებს მათ ლევან გოთუა. ვასაკების გაბმული ყიჟინი უფრო აძლიერებდა მყუდროებას. მაღლა, ტყის ზემოთ წმინდა გიორგის სახელობის ზორბა საყდარი ამოზრდილა, გაბაშვილების საძვალე. გონების თვალი აღადგენს მის ადრინდელ სახეს. იქ, ერთ დროს სოფელი იყო, კარგა ხანია ტყედ, ერთ დიდ უღრანად ქცეულა.
მოხუცი მწყემსთმთავარი ალბათ ხელშეუვალად მბრძანებლობდა მოსახლეობის ქრისტიანულ ნაწილზე. ბოტი ფარისა, კურო ჯოგისა. თხინვალელი გლეხები კი საკუთარი თქმულებებით ართობდნენ ცოლ - შვილს. ოთახებიდან გამოჭრილი ჩურჩული ნიავს რომ მოჰქონდა, ლისის ტბის ლივლივს შეერთვოდა.
ტბის გადაღმა ღარტაფში ქალაქი მოსჩანდა.
ირგვლივ უცნაური სიმშვიდე გაბატონებულიყო. იქ ყველაფერი დროის ძლიერებაზე მეტყველებდა. სინანულით გული გვეკუმშებოდა და ფიქრიც ახლოს იყო სინამდვილესთან.
ავტო ხვეული გზითვე ეშვებოდა ფერდობზე. შემწვარი ხორცის სურნელს აფრქვევდა არემარეს ნასოფლარის ასახვევში იმ დროს განთქმული და სტუმარმრავალი, მუშტარდაულეველი სამიკიტნო, იქ ერთხელ მწვადით გაგვიმასპინძლდა ვლადიმერ ალფენიძე.
            მახსენდება ახლა, მუხაწყაროდან ვბრუნდებოდით. გასრულდა დაღმართიანი გზა, გავივაკეთ რა, სწორედ მაშინ მანქანამ დაიფრუტუნა, დაიხროტინა და ძრავი ჩაქრა.
იძულებულნი გავხდით მე და კუხო გადმოვსულიყავით და მივწოლოდით ავტომობილს. ასეც მოვიქეცით, მაგრამ, რატომღაც იმის სურვილიც გაგვიჩნდა, ჩვენს მიერვე გაგორებულ მანქანაში ჩავმხტარიყავით სალონის უკანა სკამზე მოვკალათებულიყავით.
ასე გაგვიტაცებს ხოლმე და სიამოვნებით აგვავსებს ბავშვური ცელქობა.
            ჰოდა ვიოხუნჯეთ, ვიბავშვეთ, ვიეშმაკეთ. არა და არ ამუშავდა ძრავი, ჩვენ კი, თითქოს შეთქმულებას ვამზადებდით, ისე ვლაპარაკობდით მანქანის ზურგით:
- უკანა ორივ კარი მოღიავებული დავტოვოთ, რომ არ მოვეჭიდოთ ჩვენს მიერვე გაგორებულ ავტომობილს, მერე სირბილით გადავუსწროთ, კარებს იოლად გავაღებთ, ჩავხტებით სალონში და ძრავიც დაიქოქება.
ორივენი ეშმაკურად თვალებს ვაცეცებდით, ვხტოდით, ვიცინოდით, ვქირქილებდით, ჯერ უეჭველი გამარჯვების იმედით ანუ ღაზოდ ვაწვებოდით ავტომობილს, შემდეგ ისე გავრბოდით, აფთარიც ვერ დაგვეწეოდა, თუმცა სალონში ჩახტომა ვერა და ვერ მოგვიხერხდა.
ხელებს ვიქნევდით, ვქშინავდით, მერე ქოშინით მივაბიჯებდით დაცარიელებულ გზაზე.
გიგლამ სარკმლიდან ხელი გადმოჰყო და იქუხა: ვერ შემოახტებით, ვერა!
ირგვლივ სიწყნარე იყო. მხოლოდ ერთხელ გაიელვა სამგზავრო ავტობუსის ვეებერთელა თვალების შუქმა. თათრის სახეშებურვილ ქალის თავს მოვკარი თვალი. მისი ჭრელი ქალაღაიის წვერი გარეთ გადმოკიდებულიყო და ახლა თითქოს ჰაერში მიცურავდა. წყაროსთან დაქანცულებმა ერთხანს ვუყურეთ ლეკვების ძიძგილს.
ისე დავიქანცეთ მე და სულხო, მიწა ძლივსღა გვიმაგრებდა. გადასულ საღამოს სოფლის დაცარიელებულ თემშარაძე მხოლოდ საკუთარ ფეხთა ხმას ვისმენდით.
მხრებს ვარხევდით, უსიამოვნოდ ვიშმუშნებოდით და რაც ძალა გვქონდა, თავს არ ვზოგავდით, რომ, აქაურობას ჩქარა გავცლოდით.
ის იყო, ბრაზიანად გადავაფურთხე, უმწეობის და უუნარობის გამო ჯიბეებში დამუშტული ხელები ისე ჩავალაგე, ლამის ჩავხიე, სწორედ ამ დროს მანქანამ დაიფრუტუნა, დაიხროტინა, აფუთხუნდა და დაიქოქა, ძრავი ამუშავდა.
ღვიძლი ძმებივით გადავეხვიეთ ერთმანეთს სიხარულით და მანქანაში ჩავსხედით.
რაღაც მიზეზით ახლა ხმას ვეღარცერთი ვეღარ ვიღებდით. ქარაფებზე მზის შუქი ირიბ ზოლებად გაწვა, მანქანაში შემოჭრილი ჩამავალი მზის მოწითალო სხივები ხან ერთს, ხან მეორეს გვეღვრებოდა, მსუბუქი სიოც გვივლიდა სახეზე. კიაფებდა შუქი მკვდრების მზისა. ასეთი სურათი ხშირად ოცნებასა და გულშიც ჩდება.
გზას ბინდი ეფინებოდა. ჩამავალ მზეს წითლად შეეღება თბილისის მახლობელი მთაგორები.
შინ კარგა მოქანცულები დავბრუნდით.
გვეუბნებიან: სულში ყველაზე მეტი ალაგი უჭირავს მოგონებასო. 1992 წელი იდგა. მე ვიხილე სამწუხარო სურათი ჩვენი იმხანის ცხოვრებისა. ნუცუბიძის ქუჩაზე ვახტანგი  შემხვდა. ქულაჯა შელანძვოდა, ფეხსაცმელი დახეოდა. რა დღეში ჩავარდნენ მაშინ ქართული ხელოვნებით მოსულდგმულენი. როგორ დუმდა და როგორ მისმენდა. ის ფიქრობდა რაღაც თავისას და ჩემგან შორს იყო, ძალიან შორს. ანდა, შეიძლება არც არაფერზე ფიქრობდა. ასეც ხომ შეიძლება?! იდგა იგი უმოძრა, წყნარად და მისი თვალები ასფალტს ჩასშტერებოდნენ.
ჰოდა, იმას არ ესმოდა რასაც მე ვეუბნებოდი. ვერავითარი ნუგეშის სიტყვა ვერ ვიპოვე მე მაშინ.
რატომ გამოუტანა თავის თავს განაჩენი? კეთილი ადამიანი და თვითმკვლელობა?!
გაჭირვება? მეტისმეტად ძნელია, მეტისმეტად მძიმეა როცა საყვარელი ადამიანი ტირის, და თუ ამასთანავე ის იცრემლება ისე, რომ, ცდილობს შენ არ დაგანახვოს მწუხარება, ეს არცთუ მძიმეა, არამედ უსასტიკესი სატანჯველიც არის. შიმშილი ადამიანს ამცირებს და ამდაბლებს.
ალი უნდა განთავისუფლებულიყო და ვახტანგის ფაქიზ, შინაგან სამყაროში თუ უკმაყოფილების ქარიშხალი აბობოქრდა, სამაგიეროდ მისგან თავის დაღწევის შესაფერისი ძალაც აღმოაჩნდა.
გიამბო, როგორ გამოეთხოვა იგი საწუთროს? რაღაც ძალა მაიძულებს გამოწვლილვით განვიხილო ეს ყოველივე.
საინტერესო კია ვიცოდე, რას ვწერ ახლა მე?! ცოტა შორს ხომ არ გამიტაცა ცნობისმოყვარეობამ? თუმცა, მთელ ძალ - ღონეს ამ გრძნობის გამოთქმას შევალევ..
ბევრი ვერაფერი მხატვარი გახლავარ, მაგრამ, რასაც დავწერ, იქვე დავძენ: ეს ასეც უნდა ყოფილიყო მეთქი. ესაა ჩვეულებრივი, სავალდებულო მოთქმა ჭირისუფალისა.
ყველაფერი კი იმ სიზმრის ბრალია. იმ წუთიდან გული მჭვალავს. იმ ღამის შემდეგ მტკივა გული. შუა ძილში გამომეღვიძა და ვახტანგი დამიდგა თვალწინ, როგორც ჩვეოდა, თითქოს დარცხვენით თავდახრილი იდგა იგი ჩემ წინ და მკერდში ვგრძნიბდი ჩლუნგ ტკივილს და სიმძიმეს.
აჰა გულის დამთუთქველი ამბავი. წრფელი გოდებაა სამწუხარო სურათის ნახვით გამოწვეული. მეტად ბუნებრივი სურვილიც.
ვახტანგს თავისუფლება მოენატრა, სწორედ ისე, როგორც ჩემს კალამს უნდა გათავისუფლდეს მასზე ფიქრისაგან. მან ღამით გადაწყვიტა რომ დილით თავს მოიკლავს. ალის მოხუცის მომვლელად დაეწყო სადღაც ოჯახში მუშაობა და გავიდოდა თუ არა დილით სახლიდან ეს თავს მოიკლავს.
ვინ იცის იმ წლების ქარიშხალმა რამდენი სული იმსხვერპლა და მოსპო? ბევრმა ააშორა მაშინ სიცოცხლის მოსწრაფებით განსაცდელს თავიანთი საყვარელი არსებები. მრავალი გაისტუმრა იმ ქვეყნად მოვალეობის სიმძიმემ.
რა არ ხდება ამქვეყნიური ბოგინის შემაფერხებელი და დამამხობელი.
მთვარიანი, მშვიდი საღამო იყო. მოლზე ტალავერის ჩრდილი გაწოლილიყო, იმ ტალავერისა, ჩვენი სკოლის დარაჯი მოხუცი ლევანი რომ უვლიდა. ახლა კი, ბერიკაცის ამქვეყნიდან წასვლის მერე გაპარტახებულიყო. ისმოდა ნელი, მისუსტებული ნიავის სუნთქვა. სიო ბაღს ტალღასავით აშრიალებდა და ივსებოდა მისი გული გამოუთქმელი სიამით.
სიწყნარე იყო ბაღში, სახლშიც და მის სხეულშიც. თითქოს ყველაფერს შერიგებოდა, მაგრამ, არ იცოდა როდემდე გაგრძელდებოდა ეს სიმშვიდე. თითქოს უფრო დიდ იდუმალებაში გადაიხედა, რომელსაც ხვალ მოუვლენდა საკუთარ თავს და იქ ხილულმა სურათმა შეაკრთო, რადგან, სინამდვილეს მკაცრი თვალები აქვს.
ისეთი აზრიც ებადებოდა, რომ, იგი აღარავის აღარ სჭირდებოდა. ყველამ შეიძულა. ალბათ ხვალიდან ნაცნობი და უცნობი მასზე ამბავს დიდსა და პატარას მოუთხრობდა. თავშესაქცევ საქმეს გაუჩენდა ხალხს იგი ხვალიდან.
დაიძინა ალიმ, მისთვის ყველაზე ძვირფასმა არსებამ.
შეგვიანებულ მთვარის მიმკრთალებულ შუქზე ქალის სახე ღიაფერად მოსჩანდა.
იჯდა ვახტანგი და მისი შავი, გონიერი თვალები რაღაცას მიშტერებოდნენ.
შუბლზე ხელი დაისვა, წვერს ჩააყოლა, ბალნიანი სახე შეისწორა, ისევ ფიქრებში ჩაიძირა. ასეთ დროს იქნებ გულიც ეკუმშებათ. მკერდზე ხელი დაიდო და მოეჩვენა, თითქოს გული გაჩერებულიყო. აივანზე გავიდა, მოაჯირს ხელები ჩასჭიდა. ქალაქს ეძინა. უთვალავ ელნათურის თვალით ციმციმებდა თბილისი. შესავედრებელი არავისთვის ჰქონდა - მალე გამათავე!. მოვა ალი და თვალებს დაუხუჭავს. მაგრამ, მას არ უნდა შეეშინდეს!
როგორც იტყვიან წყალსაც ეძინა. ფოთლებს სიყვითლე შეჰპარვოდათ. უხმოდ ირხეოდნენ, კენწეროებს ალივლივებდნენ, დინჯად ირწეოდნენ ხეები. ზოგჯერ ერთბაშად აშრიალდებოდნენ, რტოებს ხელებივით ერთმანეთისკენ იწვდიდნენ.
ამ ხეების ერთადერთ დანიშნულებას ახლა ვახტანგი იმაში ხედავდა, რომ, უნდა ეცქირა მათთვის უკანასკნელად და დაეცადა, ვიდრე აღსასრული არ მოახლოვდებოდა. თავისი სულიერი განწყობა მას ამ ბაღნარზე გადაეტანა.
სამყარო თითქოს მხოლოდ იმიტომ გარინდებულიყო რომ კუხოს ბორგვის ხმა მოესმინა.
მაწანწალა ძაღლების ყეფა ჩაესმა.
ოთახში დამუნჯებულიყვნენ ნივთებიც. ვარსკვლავიან ზეცას ახედა. კი, მაგრამ, მოგვცემს ბუნება ნუგეშს? წამოდგა. იატაკზე ფეხს ფრთხილად ადგამდა. შუქი არ აანთო. მხოლოდ მაგიდის ელნათურა იკმარა. მალევე ჩააქრო, სიბნელე ერჩივნა. ზოგჯერ წყვდიადი სინათლეზე უფრო ამშვიდებს ადამიანს. სამყაროც ხომ უკუნშია შექმნილიო, დაასკვნა. ხელის ცნობით წკვარამში ჭიქა აიღო, ონკანი მოუშვა, წყალი მოსვა და კვლავ სკამზე დაეშვა. ასე კარგა ხანს იჯდა უძრავად. ცალი ხელი მაგიდაზე ედო, მეორე კი ძირს ჰქონდა დაშვებული. ჩაცმული იყო ჩვეულებრივ, უბრალოდ. ცერად ორღანისკენ იხედებოდა, იქ მნიშვნელოვანი რამ ეგულებოდა მაგრამ ინსტრუმენტთან მიახლოვებას ვერ ბედავდა.
წამოდგა, მაინც შეეხო და მალევე მოშორდა, ცდილობდა თვალი აერიდებინა ყველაფრისათვის, რაც წარსულთან აკავშირებდა. ყველაფერს ჰგმობდა, ძრახავდა გზებს, რომელთაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა იგი.
კვლავ აივანზე გავიდა. კაციშვილი არსად ჩანდა. რკინის მოაჯირმა ხელი გაუცივა. შემდეგ ეს გაციებული ხელი შუბლზე მიიდო. პირაღებით სუნთქავდა. ეძინა ქალაქს. მთელ საქართველოს. მისჩერებოდა ცის კიდურს. უსასრულო სივრცე ყველაფერს ნთქავდა. დაუსრულებლად ციმციმებდნენ ვარსკვლავები. თითქოს შორდებოდნენ, პატარავდებოდნენ, ქრებოდნენ ცთომილები, მერე ისევ ჩდებოდნენ. ახლა მთვარის შუქში უმოძრაოდ იდგა ხეები. ეტყობოდა ნიავიც აღარ იძვროდა. ყოველივე მყუდროებას მოეცვა. მამლების ყივილიც და ძაღლების ყეფაც აღარ ისმოდა.შესცივდა, მოიხარა. დატოვა აივანი, ოთახში შებრუნდა.
უსასოობა და უნუგეშობა ხშირად იქამდე მიდის, გამოცდილი თვალი სიცოცხლეს აღარ ენდობა.
წვერი გაბურძგნოდა. მაყვალივით შავ თვალებში კრთომა ჩასდგომოდა. გამხდარ მკერდს შავი პერანგი უფარავდა და მის ჭრილში გარუჯული კანი მოუჩანდა. წეღან რომ გაჩერებულიყო გული, ახლა მოძალებით ფეთქავდა. ნიავი გახსნილ პერანგში იჭრებოდა, გულისპირსა და საყელოს აფრიალებდა. ნეტავ თუ ართმევს თვითმკვლელობა კაცს სიამაყეს, გრძნობათა სიფაქიზეს? ნუთუ მიჯნაა, საიდანაც იწყება დაქვეითება?
რაღაც სხვა ფიქრს ასდევნებოდა. დაუნდობელმა აწმყომ იმ სიმწვავემდე მიაღწია, უნდა წავიდეს, უნდა მოშორდეს, დახეთ მის ზნეობრივ არსებას?!
და ჩაეჭიდა მოგონებებს როგორც ხსნის წყაროს.
მომღიმარ სახეს ზოგჯერ რომელიღაც სამწუხარო მოგონება ბზარავდა. ვინ იცის, იქნებ ეს იყო გახსენება იმ საყვარელი ადამიანებისა, რომლებიც აღარ იყვნენ ამქვეყნად. ეს ხსოვნა წარბს ურხევდა, წამწამებს უთამაშებდა, ღიმილს ჭრილობის ელფერს აძლევდა.
მის ოცნებაში ცხადდებოდნენ, დაცურავდნენ ერთმანეთში არეული საგნები, სახეები, ჩდებოდნენ, ქრებოდნენ. ფიქრებში დას - დასად გავივლიდით მისი მეგობრები, მთელი ქალაქი და აქა - იქა მისი იერიც გაიელვებდა. ათასნაირი ვნებით ამაღელვებელი სურათი წარმოუდგებოდა თვალწინ. უსულგულოთ გატარებულ წლებს ვით გაეტირებოდა სხვებივით, რომელთა უკან დაბრუნება აღარ შეიძლება რათა მათთვის საუკვეთესო დედააზრი მიეცა, უფრო წარმტაცი და შინაარსიანი გაეხადა და ამით აღედგინა გაფლანგული სიცოცხლე. თუმცა, ესეც უნდა გახსოვდეს: ოდესღაც ხოტბის საგანყოფილი უკვე რამდენი კაცი მიეცა დავიწყებას.
ფიქრში წასული დიდხანს ბორგავდა, ვის არ ხვდებოდა, ედავებოდა, ეკამათებოდა, თუმც არა ისე სხვებს, როგორც თავის თავს. გამოერკვა, მიმოიხედა, თენდებოდა. მზემ პირველი მეწამული სხივების ისრები დაუშინა ქავთარაძის ქუჩას. იმსხვრეოდა, ილეოდა და კვდებოდა ზაფხული. ოთახში სრული მყუდროება სუფევდა. სიმშვიდემ შეაკრთო. თვალი მოხუჭა, ალბათ იმიტომ რომ საკუთარმა სიმარტოვემ შეზარა.
დილაბუნდისას ჩიტები აჟღურტულდნენ. დილის ნათელი და ქალაქის ხმაური ერთნაირი ძალით მატულობდა, ძლიერდებოდა.
გათენებასთან ერთად აგრილდა. შემოდგომის პირველი დღეებს სიგრილე შეუმჩნევლად ეპარებოდა. სიმშვიდე დასადგურებულიყო ირგვლივ, მზე აღარ სწვავდა, მხოლოდ ათბობდა.
დილის მიბნედილი შუქი დაეფინა მის მიმქრალ და ფერმიხდილ სახეს.
გრილი, მზიანი კვირა გათენდა. სიო გაძლიერდა და ქარში გადაიზარდა. ასევე ნელი, ჟრუანტელისმომგვრელი ფოთოლთ შრიალი ფოთოლთცვენამ შეცვალა. თრთოდნენ, ცახცახებდნენ, სწყდებოდნენ შეყვითლებული ფოთლები.
ღამემ გრძნობები გაუძლიერა.
წამოდგა. მზით გაშუქებულ თბილისს გახედა. თენდებოდა. ქავთარაძის ქუჩას შუქი მოჰფენოდა. დიდი ხანია მზე ასე ლაღად არ შემოჭრილა მის ოთახში. მეწამული მზე ამოვიდა, დიდი, ვეება მზე. მუხლმოკვეთით კვლავ სკამზე დაეშვა. იჯდა, მაგრამ ვერ ისვენებდა. ეჩვენებოდა, იმ გზით სიარული ეჩქარებოდა, რომელიც თავს დაუსახა. ოდესმე მოხუცებიც სწავლობენ ჭკუას!
რაღაცნაირი სიამაყეც იგრძნო. თავის სულში ისეთი მაღალი გრძნობები აღმოაჩინა, რომელთა არსებობა დღემდის ვერც კი შეეცნო. ღიმილი ჭრილობასავით გაჩნდა მის ტუჩებზე.
ჩიტების ჟივილხივილი გახშირდა. ბეღურები ახლა ათასი ხმით გალობდნენ.
რას, რას ვერ გაუძელ? მარტო დარჩი და ამან გაგტეხა? რით უნდა აეხსნა საკუთარ გრძნობებში გაჩენილი წინააღმდეგობანი? განა გუშინდელის შემდეგ გამოიცვალა? სულხო მიხვდა, თავისი გადაწყვეტილების უმართებულობის არა სჯეროდა, თუმცა იმ ღამით თავის თავს გულიდან კი არა, გარედან მოტანილ სიტყვებით უჯავრდებოდა.
თავისი თავი თითქოს ახლა აღმოაჩინაო, ჯერ მის თვალებში ახალგააზრების ელვარება გამოისახა. მერე სახე კვლავ დაუნაღვლიანდა. აქეთ - იქეთ მოწყენილი იხედებოდა. ნაუცფათევი, შეწმასნილი გადაწყვეტილება ხომ არ იყო ბოლოსდაბოლოს?! თითქოს გამოუვალ მდგომარეობიდან გამოსვლას ეძებდა.
საკუთარი მოქმედება თუ არ გაამართლე, სულიერ სიმშვიდეს ისე ვით აღიდგენ? ხოდა რაკი შეახლდება იგი, თვითმკვლელობასაც გადაგაფიქრებინებს, მაგრამ, ეს ხომ გადაწყვეტილია? მერე რა რომ გონებასა და გრძნობას შორის ღრმა და მაღალაზროვანი ბრძოლა წარმოიშვა? აბა რა შეგნებით უნდა დაამთავრო? არის თვითმკვლელობის კიდევ სხვა მიზეზიც, ახლა უფრო მიზანი, მაგრამ გამართლებული მიზანი.
მიხვდა და გულში სინანული დაპატარავდა, და მის ადგილს სიხარულმა შეცვალა.
ხედავ იმ ფრიალო კლდეს? მისი ქიმიდან იწყება თავისუფლების გზა. ხედავ იმ ზღვას, იმ ჭას, იმ მდინარეს? მის ფსკერზე წევს თავისუფლება. ხედავ შენ ყელს, შენ კისერს, შენ მკერდს? ყველა ამ ბჭით შეგიძლია გაექცე მონობას.
აი სურათი გულისმომკვლელი და მწარე სინამდვილით დაწერილი.
ალიმ გაიღვიძა, ხელპირი დაიბანა, ჩაიცვა, განსაკუთრებულ გულმოდგინებით არ მორთულა, სარკეში ჩაიხედა, თავის გაფერმკრთალებულ სახეს შეხედა. ვახტანგსაც გამოხედა. მის თაფლისფერ თვალებში თანაგრძნობის შუქი მოსჩანდა. კარი გაიხურა და კიბეზე ფეხსაცმელების ბაკუნით დაეშვა.
მრგვალ მაგიდაზე იწერებოდა ერთმანეთის მოსაკითხი სასიყვარულო ბარათები. ისინი ხშირად წერდნენ ერთმანეთს წერილებს, თუმცა ერთ ჭექვეშ ცხოვრობდნენ. მგრძნობელობის თაყვანისმცემელნი თავიანთ მაღალ შეხედულებებს სიყვარულზე გამოხატავდნენ წერილებში, რომელ ბარათებსაც ერთმანეთს მრგვალ მაგიდაზე უტოვებდნენ.
კვლავ გამოხატავს ტრფობას რაკი ალი წავიდა, საბოლაოს, უკანასკნელ ბარათში: სავარძელიდან წამოდგა. ქაღალდი და კალამი მოძებნა. რომ შემოხვალ, არ შეგეშინდეს!. დაწერა და  მაგიდაზე დადო.
წამოდგომამ თითქოს მისი აზრი კიდევ ერთხელ შეცვალა. შეეცადა მიუდგომელი მსაჯულის თვალით თავი შეემოწმებინა. მთელი ცხოვრების მანძილზე იქნებ ხშირი მარცხის მიზეზიც ვიპოვოო. მაგრამ, ამ ცდამ შედეგი არ გამოიღო. მან გადაწყვიტა თავისი წარსულიდან ისეთი საბაბიც მოეგონებინა, რომელსაც მისი ბედის წერაში შესაძლოა რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა.
ისევ წინ! დაასკვნა. შეგნებამ - მართალი ვარ! - ძალა წარმოშვა. კარგია თუ ცუდია, სხვა გზა არ არსებობს. სიკვდილი აღშფოთებულ და აღგზნებულ სულს დაუცხრობს, სიმშვიდეს დაუმკვიდრებს.
რატომღაც ხელი აუთრთოლდა, წამით შეჩერდა, მერე თავის თავს სძლია და ონკანი მოუშვა. სახეზე რისხვამ დაისადგურა. დიდი, გადაულახავი სიძულვილით მოწკურა თვალი. წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ თავი ამოჰყო.
აჩქარებით სუნთქავდა. მიმოიხედა, ყველაფერი სხვანაირად მოეჩვენა, მთელ ტანში შეაჟრჟოლა, მოიხარა, დაპატარავდა, ისევ წყალში ჩაბრუნდა.
ამ მოქმედებას ერთგვარი რევოლუციური ფერი ედო. სულმოუთქმელად, მკვდარივით იდო აბაზანის ფსკერზე. ისევ ამოჰყო თავი წყლიდან. მოძალებული ქოშინი დაიწყო. თვალიც გაახილა. მუსიკოსის სმენას (თუნდაც მომაკვდავისას) არ გამოპარვია, როგორ გასაოცარ წესრიგით ცვლიდნენ ერთმანეთს: ქოშინი, ხროტინი.
სულში მოულოდნელად ტალღა ახმაურდა, იქნებ ეს ის ტალღა იყო, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა? იგრძნო, რომ მზად იყო თუნდაც ჯოჯოხეთში წასულიყო რათა უფრო მკაცრად დაესაჯა საკუთარი თავი.
სიმებივით დაწყვეტამდე დაეჭიმა ყელის ძარღვები. ხელები ყელში იტაცა და წაიჭირა. გრძნობდა, როგორ უცემდა გული.
ახლავს კი ტკივილი საწუთროდან განშორებას? რაო, ვერაფერი იგრძენი? ეს მერამდენედ სცადე, წყალი ცივია თუმცა ვეღარ გრძნობ. სხეულს ალი შემონთებია, გულში ჩაგწვდომია და ძარღვებს გიწვავს. კვლავ წყალს ჩაუბრუნდა.
სულის სასწორმა ქანაობა იწყო. ყურში წივილი ჩადგა. ძლოკვივით შეირხა და გადაბრუნდა აბაზანაში. კმარა! რაც განიცადა, ეყოფა!
ყოველგვარ წინააღმდეგობის უნარს მოკლებული სიკვდილს მინებდა. ჰგავდა ალბათ იგი ტრფიალების ბურუსს, თავს რომ ვერ დააღწევ.
იქნებ სწორედ ამგვარად უნდა გათავებულიყო მრავალტანჯული მწირის ცხოვრება.
წყალი ალმასებრ აბჭყვიალდა. გამგმირავი თვალებში შუქი მახვილმა შეცვალა. შემდეგ სიბნელემ და წყვდიადმა მოიცვა. წყალმა, რომელიც აქამდე სულს უხუთავდა, გულს უწვავდა, კისრის ძარღვებს უჭიმავდა, ააცურა, თითქოს დაარწია და დააძინა.
საუკუნოდ მილულა თვალი. ამისთვის იძრწოლა. სამზერზე ბნელი ზეწარი გადაეფარა. ტკივილიანი  კმაყოფილება გადაეფინა სახეზე. რა ბრძოლის გადატანა მოუხდა რათა ამ აუმღვრევლობისთვის მიეღწია. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდა. ოთახში დარჩა სიჩუმე. სახის იერი საკუთარი ღირსების შეგნებას გამოხატავდა.
მისი მოშხამული, ტანჯვითა და უსიამოვნებით აღსავსე ცხოვრებისათვის, ცხოვრებისაგან დასჯილი წოდების შვილისათვის ბედმა ხეირიანი სიკვდილიც არ გაიმეტა.
იქ კი, დგას ალბათ ანგელოსთა კრებული სათანადო გრადაციით. წარსდგა კუხო მთავარანგეკლოზთა წინაშე თითქოს დარცხვენით თავდახრილი.
დილაბუნდია.
რომანტიკული გმირები ჩანან ახლა გზაზე, რომელსაც გავცქერი. დაკავშირებული ვარ მათთან მთელი ჩემი სულიერი არსებით, უმჭიდროესი კავშირით.
რაღაც დიდი ღირსების შეგნებით გავყურებ ახლა ამ გზას. ვნებათაგან ქედდადრეკილი, უღონოქმნილი, ქანცგაწყვეტილი მგზავრივით. უსაზღვრო სიყვარულით ვემსჭვალვი მათ და ეს მოგონებაც ამ ადამიანებს კვლავ ყოფად მოაქცევთ. დომინირებს ინტუიცია. შეუმღვრეველი სიმშვიდეა ირგვლივ.
აქ არა მარტო ცოცხლად ვხედავ მწერალს და კომპოზიტორს, ყველას რომ მიიზიდავენ თანაწვისათვის, არამედ მათი სუნთქვაც მესმის. ვარღვევ დისტანციას.
თავს ვეუბნები: ვიცი ადგილი, სადაც მათი სულები იკრიბებიან მეთქი.
გამიტაცა ცნობისმოყვარეობამ. რასაც ახლა ვათვალიერებ, მიადვილებს განვიცადო ჩემთვის ძვირფასი შორეული წარსული. ორი მეგობარი ავტომობილში წინ ჩამსხდარან. ღრმაგრძნობიერნი, ნაზგრძნობიერნი, ნაზყნოსვიანი ადამიანები, ცხოვრების ღრმად მცოდნენი, ქვეშევრდომი სულები მეგობრობის გულისხმისყოფისა.
ისტორია გულქვად მოექცა მათ. მართალი ბრძანდებით: ძნელი საპოვნელია კაცი, რომელიც მადლიერი იყოს ამ წუთისოფლისა.
აჰა, ვხედავ, ავტომობილში ჩამსხდარან ორნი,. ჰაეროვანი არსებანი. ისინი მარტო სულით ცხოვრობენ ახლა უკვე. ღრმა ჭრილობებით სავსენი, ცხოვრების სიავეთაგან ნაწრთობნი, მეტად თავისებური და რთული ხასიათის ხალხი. ამ წუთისოფლის უმაღლესი ყრმანი, ღვთის მოადგილენი.
თითქოს მიანებეს თავი საწუთროსთვის კითხვების დასმას. რეცა თავიანთ ბოგინსაც შეწყრნენ და მის ავსა და კარგს გვერდი აუქციეს.
რეალურ არსებობას, როგორც ერთ რასმე ჭირიანს თვალი აარიდეს, ცხოვრების ფილოსოფიის მოსარჩლეობა მობეზრდათ და განსვენება ეძიეს.
სულ სხვა ბედს მიეკედლა ეს ორი კაცი. სხვა ძალას აყურადებენ. იგი მათი აზრების ნიადაგ აღმაშფოთარ გრძნეულ შუქით მოსილა.
სწორედ იქაა აზრისა და გონების სამეუფოი, სად უფრო მაღალი განწყობილების მონაბერი სიო ქრის.
მეყსეულად შევავლე თვალი ნაცნობ ადგილებს.
ამიერად გამიელვა თვალწინ სიჭაბუკემ. უწვევარი სტუმარი როდი ვარ?!
აქ დარბის ახლაც თაფლმწთოლვარე ჩემი ახალგაზრდობა, ჯერ კიდევ ყმაწვილის და ვარდდაუმჭკნარის. ისევ აქა ვარ.
მყავს თანამოდასე, თანამოძმე, თანამებუნებე მეგობრები.
კვლავინდებურად დანავარდობს ფრთამალი სიო. ისევ იგრძნობა ყველაფერში სინარუქის ჯადო თილისმა. ყოველივე ძველებურად მშვენებაშემოსილია.
მეყსეულად შევავლე თვალი ჩემთვის ნაცნობ ადგილებს. სიჩუმეში გულამოხვინჩვით ვიგლოვე წარსული.
აჰა, გზაზე ვართ. ჩვენებას სიცოცხლე და მოძრაობა ამკობს.
ავტომობილში ორნი სხედან, ორი თბილი ზურგი ჩანს ორი მეგობარისა. ჩინებულთა და მშვიდთა წევრთა ჩვენი საზოგადოებისა. თანამყოფთა და არყოფნაში გარდასულთა. მომქანცველ ღამეების თეთრად მთეველთა. ღვაწლისმძლეთა და მცირედის მკმართა. ძველებურად სინთეზირებულია მათში ქაჯური სიბრძნე და ადამიანური ჰუმანიზმი.
ორივემ თავი მოიკლა.
ავტომობილში ორნი სხედან. გლახ ბედისაგან სასტიკად დასჯილნი. თუკი ვინმე ცხოვრობდა და ფიქრობდა ჩვენ სამშობლოში, ესენიც იყვნენ.
მეგობრები ჩამსხდარან ავტომობილში. მანქანის უკანა ერთი კარი შეღიავებულია. ჩემი ღრმარძნობიერი და ნაზბუნებიანი მეგობრები გრძელი ისტორიის ნავში ჩამსხდარან, დიდი გზა ჯერ არ გაუვლიათ, ხოლო აქ მოსულან.
მქრქალია წარმოდგენა. ჩემი ცხოვრების აღსასრულზე ფიქრი აღმძვრია.
ავტომობილი თანდათან ქარონის ნავს ემსგავსება. ვაწვები, როგორც ძრავჩამქრალ ავტომობილს. ტანგარუჯული მენავე მიღიმის. ცოტაც და მეც საბოლაოდ ჩავიძირები მარადისობაში, მიწიერ არსებობის კირთებისაგან გავთავისუფლდები.
უნდა დავინთქა არყოფნის წიაღში. ოთახში კვამლია და გავდივარ!

1 комментарий: